ახალი ამბები

საპარლამენტო სიის ჩახსნას “პატრიოტთა ალიანსიც” აპირებს

10 დეკემბერი, 2020 • 2072
საპარლამენტო სიის ჩახსნას “პატრიოტთა ალიანსიც” აპირებს

“პატრიოტთა ალიანსი” საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და საპარლამენტო სიის ჩახსნას აპირებს. ამის შესახებ ნეტგაზეთს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პარტია მანდატებზე უარს ხვალ, პარლამენტის პირველი შეკრების დღეს, განაცხადებს.

“არ შევდივართ ამ პარლამენტში ჩვენ და თავისთავად ცხადია, დავწერთ განცხადებებს პარლამენტიდან გამოსვლაზე ისე, რომ სხვა პარტიებთან ერთად ჩვენ ამ ქმედებებს არ ჩავდივართ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, იმათ თავისი და თუ მსგავსია ჩვენი ქმედებები და განცხადებები, ეს არის “ქართული ოცნების” დამსახურება და არა ჩვენი და ვინმესი.

ხვალ ვაპირებთ განცხადებების დაწერას და ალბათ, სიების ჩახსნასაც. როგორც კი შედგება პარლამენტი და უფლებამოსილება იქნება ცნობილი და ეს განკარგულება ძალაში შევა, მანამდე არ შეიძლება ამის გაკეთება[სიის ჩახსნა]. სია აქტიურია. როგორც კი სია პასიური გახდება, ე.ი. პარლამენტის უფლებამოსილების გადაწყვეტილება შევა ძალაში, იმ მომენტიდან უკვე დავიწყებთ ამ პროცესს”, — განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

“პატრიოტთა ალიანსის” მსგავსად, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს შემდეგმა პარტიებმა და ბლოკებმა: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, “ევროპული საქართველო”, “ლეიბორისტული მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლელო”. სიას სავარაუდოდ არ ხსნის გირჩი, თუმცა საერთო შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლას არ აპირებს, იგივე პოზიციას აფიქსირებს “მოქალაქეებიც”, რომლის ლიდერი ალეკო ელისაშვილიც ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებზე კომპრომისზე მოდის.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ გააყალბა 31 ოქტომბრის არჩევნები და, შესაბამისად, ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, რასაც არ ეთანხმება “ქართული ოცნება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი