ახალი ამბები

ილია II-მ უკრაინაში რუსეთის ეკლესიის პირველიერარქს ხელდასმის 30 წლისთავი მიულოცა

10 დეკემბერი, 2020 • 1558
ილია II-მ უკრაინაში რუსეთის ეკლესიის პირველიერარქს ხელდასმის 30 წლისთავი მიულოცა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ, უკრაინაში რუსეთის ეკლესიის პირველიერარქს, მიტროპოლიტ ონოფრეს, მღვდელმთავრად ხელდასმის 30 წლისთავი მიულოცა. მილოცვის ტექსტი გამოქვეყნდა მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდზე.

ტექსტში ვკითხულობთ:

“მის უნეტარესობას,

უნეტარეს ონოფრეს,

მიტროპოლიტს კიევისა და სრულიად უკრაინისა

თქვენო უნეტარესობავ!

გულითადად გილოცავთ მღვდელმთავრად ქიროტონიისა და თქვენზე საეპისკოპო მადლის მონიჭების 30 წლის იუბილეს.

ჩვენ ვლოცულობთ, რომ უფალმა გაგაძლიეროთ თქვენ, რათა შეგეწიოთ მწყემსმთავრული ჯვრის ზიდვაში, რომ თქვენი მაღალი მსახურება კვლავ სათნო იყოს ღმერთისათვის”.

წერილის თარგმანს ავრცელებს “მსოფლიოს საეკლესიო სიახლენი”.

მიტროპოლიტი ონოფრე უკრაინაში რუსეთის ეკლესიის პირველიერარქია. აღნიშნული ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება და რუსეთის მიმართ ლოიალობით გამოირჩევა, არ აღიარებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას, რომლის ტომოსსაც 2018 წელს მოეწერა ხელი კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ.

უკრაინის ერთიანი, ადგილობრივი, მოსკოვისაგან დამოუკიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ამ დრომდე აღიარებული აქვთ კვიპროსის ეკლესიას, ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოსა და ელადის(საბერძნეთის) ეკლესიას.

ეს ამ დრომდე არ გაუკეთებია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირმა გამოხატა. მათმა ნაწილმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი ღიად დაუჭირა, სინოდის ერთ-ერთმა წევრმა კი თქვა, რომ საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხოლოდ მას შემდეგ აღიარებს, რაც მას ცნობენ „დედაეკლესია რუსეთი“ და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი