ახალი ამბები

კობალაძის და ხუსკივაძის პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში აქცია იმართება

10 დეკემბერი, 2020 • 1381
კობალაძის და ხუსკივაძის პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში აქცია იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, დაკავებულების ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და აქტივისტები აქციას მართავენ. სასამართლოს ეზოში მობილიზებულია პოლიცია.

აქციის მონაწილეებმა სასამართლოს ეზოში პლაკატები გააკრეს, რომელზეც, მათი თქმით, პოლიტიკური პატიმრები არიან გამოსახული, წარწერით “ვინ იქნება შემდეგი”.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, აკაკი ბოლქვაძის ცოლი ამბობს, არ აქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ პროცესზე მის ქმარს სასამრთლო პატიმრობაში არ დატოვებს.

“ხდება ის, რაც ხდებოდა პირველი დღიდან, როცა ეს უსინდისო ბრალდება შეითითხნა კობალაძის და ხუსკივაძის მიმართ. კობახიძემ გუშინ სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა და ის მოსამართლე, რომელიც ახლა მანტიით აქ ზის, მხოლოდ იმ დავალებას შეასრულებს, რომელიც გუშინ კობახიძემ გაახმოვანა. ჩვენ არანაირი სასიკეთო მოლოდინი არ გვაქვს.

შესაბამისად, მათ სწორედ მაგიტომ მოითხოვეს ონლაინრეჟიმში სხდომის ჩატარება. თავიანთი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ალბათ, თვლიან, რომ დამატებითი ვნებათაღელვა იქნება და მათ რაც უქმნით დისკომფორტს, ეს არის ერთადერთი ადამიანების ხმა. უნდათ, რომ ყველა ხმა ჩაახშონ და ყველა გააჩუმონ და არცერთი არასასურველი ბგერა არ უნდათ, რომ მოისმინონ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სხედან კობალაძე და ხუსკივაძე, სწორედ ეს არის, რომ მათთვის არასურველი საუბარი მოისმინეს, არასასურველი შინაარსის, ტონალობის და ა.შ.”, — განუცხადა მან “ტვ პირველს”.

მისი თქმით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები ამ ხელისუფლების ისეთივე მსხვერპლი არიან, როგორც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავაბული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, ასევე, პატიმრობაში მყოფი “მთვარი არხის” მეწილე გიორგი რურუა.

“აკაკი კობალაძე რამდენი წელიც არ უნდა იჯდეს ციხეში, მე ვთქვი არაერთხელ, მას არ ეშინია. ციხეში ჯდომა, არ არის პრობლემა. ის ზის იქ თავისი წილი თავისუფლებისთვის და ჩვენ ყველა ვიბრძვით არა მისი ციხიდან გათავისუფლებისთვის, არამედ სწორედ იმ თავისუფლების მოსაპოვებლად, რომლის მსხვერპლიც დღეს ეს ორი ადამიანია რურუასთან, ილიჩოვასთან და ივერი მელაშვილთან ერთად”, — განაცხადა მან.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს 43 წლის ასაკში  გარდაიცვალა.

იმავე დღეს, 7 ნოემბერს, გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ორი პირი – აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავა, ორივე მათგანი წარსულში ცესკოში საქმიანობდა.

პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს თედო გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის სისხლის სამართლის საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი