ახალი ამბები

“ხელფასი ტაშის ნაცვლად” – პროფკავშირები მედპერსონალისთვის შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს

10 დეკემბერი, 2020 • 807
“ხელფასი ტაშის ნაცვლად” – პროფკავშირები მედპერსონალისთვის შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს

საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირი პანდემიის ფონზე მედპერსონალისთვის ანაზღაურების გაზრდას, ღირსეული შრომის პირობების შექმნას და მუშაობის პროცესში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, მედიკოსებისთვის სპეციალური შეღავათებით სარგებლობის უფლებას ითხოვს. ამის შესახებ პროფესიულმა კავშირებმა დღეს, 10 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

“დღეს, ვირუსის ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირებიდან მე- 11 თვეს, საქართველოს თითოეული მოქალაქე იმედის თვალით შევყურებთ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს, რადგან ამ გამძვინვარებული პანდემიის პირობებში სწორედ ამ ადამიანებზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე. ჩვენ ვითხოვთ მათგან მაღალ პროფესიონალიზმსა და დაუღალავ შრომას, რიგ შემთხვევაში კი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას, მაგრამ გვავიწყდება არანაკლებ მნიშვნელოვანი – რა მდგომარეობაში არიან თავად ეს ადამიანები, რომელთა ხელფასი, განსაკუთრებით პირველადი რგოლის მუშაკებისა, ხშირ შემთხვევაში საარსებო მინიმუმსაც ვერ აღწევს”, – განაცხადა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი ამირანაშვილმა.

მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა მდგომარეობა. როგორც მან “ნეტგაზეთთან” განმარტა, გარკვეულ რეგიონებში კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული პირველი რგოლის მედპერსონალის ხელფასი 150-დან 250 ლარამდე მერყეობს, რაც დედაქალაქში დასაქმებული მედპერსონალის ანაზღაურებასთან შედარებით მკვეთრად დაბალი მაჩვენებლია.

ამირანაშვილის განმარტებით, პროფკავშირები ითხოვს, რომ რეგიონებში მომუშავე მედპერსონალის ხელფასი გაიზარდოს მინიმუმ 50%-ით და გაუთანაბრდეს თბილისში მომუშავეების ანაზღაურებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი