ახალი ამბები

შეიმჩნევა ადამიანის უფლებათა მკვეთრი გაუარესება | GDI-ის ანგარიში

10 დეკემბერი, 2020 • 683
შეიმჩნევა ადამიანის უფლებათა მკვეთრი გაუარესება | GDI-ის ანგარიში

ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ [GDI] ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში ორგანიზაცია საუბრობს ქვეყანაში არსებულ პოლიპატიმრებზე, მედიისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე, პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებაზე და სხვა იმ გამოწვევებზე, რაც 2020 წელს დაფიქსირდა.

შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება

„2020 წელს საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე მომეტებულმა საპროტესტო ტალღამ კიდევ უფრო მეტად დაგვანახა ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის კუთხით არსებობს.

თუკი 8 ნოემბერს ხელისუფლებამ ცესკოსთან გამართული აქციის წყლის ჭავლით დაშლისას არ დაიცვა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და მიმართა არაპროპორციულ ზომას, 9 ნოემბრის აქციის მონაწილეებს უკვე „დამკვიდრებული პრაქტიკით“ შეუშალა ხელი შეკრების თავისუფლების რეალიზაციაში, მათთვის შეშის ჩამორთმევით. 28 ნოემბრის აქციაზე ხელისუფლებამ კვლავაც ადმინისტრაციული დაკავების თვითნებურ პრაქტიკას მიმართა, 14 ნოემბერს კი სოფელ ჟონეთში გამართული მშვიდობიანი აქცია ძალისმიერად დაშალა, ნაცვლად ადგილობრივებთან დიალოგის წარმართვისა,“ .

გამოხატვისა და მედიის თავისუფლება

ორგანიზაცია ამბობს, რომ უკვე ერთ წელზე მეტია, „შეშფოთებით აკვირდება“ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ პროცესებს.

GDI-ის შეფასებით, 2020 წელს არაერთმა გარემოებამ გაამყარა ეჭვები იმის თაობაზე, რომ ეს პროცესები პოლიტიკურადაა მოტივირებული და მიზნად ისახავს არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლას.

„მიმდინარე წელს მედიის თავისუფლებაში ჩარევის კუთხით ასევე საყურადღებოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტზე საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება, ტვ “პირველის” დამფუძნებლის მამის მიმართ შესაძლო მუქარა და ბავშვის უფლებათა კოდექსში და „მაუწყებლობის შესახებ” კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც არათანაზომიერად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“, – წერია ანგარიშში.

„მიმოსვლის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით კი უნდა აღინიშნოს, რომ GDI გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს 2020 წლის 2 სექტემბერს შემოღებული რეგულაცია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს არაკონსტიტუციურად ეზღუდებათ შენგენის ზონაში შესვლის მიზნით საქართველოს დატოვება“ .

31 ოქტომრბის არჩევნები

GDI ამბობს, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სერიოზული ხარვეზებით წარიმართა.

„სამწუხაროდ, დარღვევების ხასიათითა და მასშტაბურობით, ამ არჩევნებმა ქვეყანა მნიშვნელოვნად დახია უკან დემოკრატიული განვითარების გზაზე და შექმნა მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რაც თავისთავად ზიანის მომტანია ქვეყნის ინტერესებისთვის,“.

საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას თანასწორობის უფლებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია საპატრიარქოსთვის პრივილეგიების მინიჭებით პოლიტიკური სარგებლის მიღება.

კომენდანტის საათიდან გამონაკლისის, მხოლოდ 6-7 იანვრის (შობის) ღამეს დაშვებით კი, კვლავ ცხადი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება რელიგიურ უმცირესობებს უმრავლესობის თანასწორუფლებიან სუბიექტებად არ განიხილავს. თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებით, ასევე, აღსანიშნავია ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის გარშემო განვითარებული პროცესები, რომლის გამწვავების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პანდემიის პირობებში იმატა ქსენოფობიურმა განცხადებებმა, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია,“.

პოლიტპატიმრები

„საგანგაშოა, რომ ნაცვლად გიორგი რურუას სახით პოლიტპატიმრის გათავისუფლებისა, 2020 წელს ვიხილეთ ახალი პოლიტიკური პატიმრები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახით“, – წერს ორგანიზაცია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის დაკავების პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით.

„2020 წლის გახმაურებულმა საქმეებმა კი კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საგამოძიებო ორგანოებში კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებია დანაშაულის პრევენციასთან და მის სრულყოფილ და ეფექტიან გამოძიებასთან დაკავშირებით,“.

„შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბოლო წლებში შეიმჩნევა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. 2020 წელს გამოვლენილი დარღვევები ამ ტენდენციის სამწუხარო გაგრძელებაა, რომელიც უფრო მეტად გვაშორებს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს იდეალს და კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობას“, – ამბობს ორგანიზაცია.

ვრცლად ეს ანგარიში შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.


72 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. დეკლარაცია არის გარდამტეხი დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებას, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.

მასალების გადაბეჭდვის წესი