პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტში შევა, მერე მას სხვა ოპოზიციონერებიც შეჰყვებიან. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ბევრი ოპოზიციონერი ვერ ბედავს იმის თქმას, რაც მან გაბედა.
“ჩემდა გასაკვირად, “ნაციონალურ მოძრაობაში” ძაან სასიამოვნოა, რომ ერთი მხრივ, ვხედავ რადიკალებს, რომლებიც დაფიქრებულები არიან და ფიქრობენ, მეორე მხრივ, ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ შესვლა და ფიქრობენ, რომ იქ[პარლამენტში] მათი ყოფნა, 35 დაგეშილი დეპუტატის ყოფნა, საერთო ჯამში, 60 დეპუტატის ყოფნა, 90 მუთაქა დგას იქიდან[ქართული ოცნებიდან], აქედან 60 დაგეშილი… საქართველოს პარლამენტის ისტორიაში მაგდენი ოპოზიციონერი დეპუტატი არ ყოფილა, სულ რომ არაფერზე შევთანხმდეთ[…]
თუ ბოიკოტი იქნა და უგულავა-ბოკერიას დაკრულზე იარა მთელმა ოპოზიციამ და ვერ გაბედეს, რაც გულში უდევთ და რაც მე გავბედე… დარწუნებული ვარ, თუ შევალთ ჩვენ პარლამენტში, შემოგვყვება ყველა, მერე ნელ-ნელა, ფეხაკრებით და მერე ძაან კარგად უნდა ჩავხედო ყველას თვალებში”,— განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, შევა თუ არა პარლამენტში 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დღეს, ელისაშვილი პასუხობს, რომ არ შევა.
“არა, 11-ში არ შევდივარ, შანსი არ არის, პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევდივარ. არც განცხადებას ვწერ, არაფერს არ ვწერ. ველოდები, რომ სიტყვას შეასრულებენ”, — ამბობს ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოთხივე საკითხზე, რომელიც ოპოზიციამ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიტანა, “ქართულმა ოცნებამ” უკან დაიხია.
ელისაშვილი დეტალების შესახებ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ “ოცნება” რიგგარეშე არჩევნებზეც დათანხმდა, თუ ოპოზიცია დაამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
“ოცნებამ” ოთხივე საკითხზე, რომელიც მოლაპარაკებებზე მივიტანეთ, უკან დაიხია — ელისაშვილი
