ახალი ამბები

მნიშვნელოვანია, რომ საარჩევო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით — ჰარცელი

9 დეკემბერი, 2020 • 605
მნიშვნელოვანია, რომ საარჩევო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით — ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, რომელიც ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი ფასილიტატორია, ამბობს, რომ მხარეებმა მომავალ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შეძლეს. ჰარცელის კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს.

როგორც დიპლომატი ამბობს, ყველა მხარე ინარჩუნებს ვალდებულებას დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ხვალ, 10 დეკემბერს, დაგეგმილ მორიგ რაუნდზე გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყებამდე სხვა საკითხებზე პროგრესის მიღწევა.

“რვავე მონაწილემ, რომელიც ამჟამად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, საბოლოოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტირების საკითხთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, მივაღწევთ ფართო შეთანხმებას, თუმცა ამისთვის დისკუსია და მოლაპარაკებები იქნება საჭირო. ხვალ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება და ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია პარლამენტის გახსნამდე პროგრესის მიღწევა.

ვფიქრობ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, როგორც იცით, რთული დისკუსიები გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ის, რომ მომავალ საარჩევო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი ელემენტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალმა არჩევნებმა იმ ნაკლოვანებებისა და პრობლემების გარეშე ჩაიაროს, რაც გასული არჩევნების დროს ვიხილეთ”, — განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, არ აპირებენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უცხოელი დიპლომატობის მედიატორობით რამდენიმე კვირაა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი. ხვალ 10 დეკემბერს კი მეხუთე რაუნდია დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი