ახალი ამბები

“ახლა დაპირისპირების დრო არ არის” – ხაზარაძე ოპოზიციას მიმართავს

9 დეკემბერი, 2020 • 719
“ახლა დაპირისპირების დრო არ არის” – ხაზარაძე ოპოზიციას მიმართავს

“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება და ოპოზიციის წევრებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ახლა დაპირისპირების დრო არ არის და ოპოზიციას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ერთმანეთის მიმართ თავდასხმისგან.

“მთავარი იდეა, რის გამოც შეიკრიბა ოპოზიცია, იყო რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრები და ასევე საარჩევნო სისტემის სრული რეორგანიზაცია. შესაბამისად, საარჩევნო სისტემის სრულყოფას ჯერ ვერ ვხედავთ. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ვგულისხმობ ოპოზიციას, თავი შეიკავოს ერთმანეთის მიმართ თავდასხმისგან. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის საფუძველი არსებობს ამისათვის. ყველამ უნდა გამოიჩინოს მოთმინება და გააანალიზონ, რომ ერთმანეთზე თავდასხმა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საერთო საქმის გაკეთება”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

დღეს, 9 დეკემბერს პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებებზე საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმებზე შეთანხმდებიან და შესაბამისი გარანტიებიც იარსებებს, მაშინ პარლამენტში შევა.

როგორც ელისაშვილი ამბობს, ამ ყველაფრის უკან არანაირი ფული არ დგას და მის მოსყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მისი თქმით, ქვეყნის წინსვლისთვის და ხელისუფლებების ცვლილებისთვის სწორედ სანდო საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება არის აუცილებელი და ახლა ის მომენტია, როცა ამის მიღწევის შესაძლებლობა აქვთ.

მან “ევროპული საქართველო” უცხოელი დიპლომატების მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.და თქვა, რომ “ევროპულ საქართველოს” მოლაპარაკებების დეტალების გამოტანა და ყველაფერის არევა სურთ. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ “ევროპული საქართველოს” ლიდერები პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი