ახალი ამბები

ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა ერთპარტიულობას კი არ გააქარწყლებს, ხაზს გაუსვამს — ბოკერია

9 დეკემბერი, 2020 • 773
ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა ერთპარტიულობას კი არ გააქარწყლებს, ხაზს გაუსვამს — ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, თუ ალეკო ელისაშვილისნაირი ფიგურა პარლამენტში შევა, ეს ერთპარტიულობას კი არ გააქარწყლებს, ხაზს გაუსვამს.

მისი თქმით, აშკარაა, რომ ელისაშვილი პარლამენტში შესასვლელად საბაბს “ძალიან სამარცხვინო” ფორმით ეძებს. როგორც ის ამბობს, თუ ელისაშვილი საბოლოოდ ამ არჩევანს გააკეთებს, “სამარცხვინო არჩევანი იქნება” და ეს ბიძინა ივანიშვილს არ უშველის იმ პოლიტიკურ პრობლემაში, რაც ბოკერიას თქმით, მის მიერვე შექმნილი კრიზისის გამო აქვს.

“სამწუხაროა, ყველა შემთხვევაში იმიტომ, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო, ელისაშვილის ჩათვლითაც კი, და ეს ძალიან დაბალი საზომია ჩემთვის, მაინც სასურველი იყო და ახლაც სასურველია, რომ ბოიკოტი შენარჩუნებულიყო, ამ სამარცხვინო საქციელის ფონზეც კი, მისგანაც კი სასურველია, რომ ბოიკოტი შენარჩუნდეს

არის ხოლმე შემთხვევები, როცა ვიღაცის მიერ წესის ან პირობის დარღვევა, ხაზგასმა ხდება თავად ამ ვითარების. ამ საბაბით ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა პარლამენტში ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს, ანუ მაინც ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი ყველა შემთხვევაში. ამ ვითარებაში, ამ ტიპის საბაბით,  ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა ერთპარტიულობას კი არ გააქარწყლებს, ხაზს გაუსვამს”, — ამბობს ბოკერია.

ელისაშვილმა დღეს, 9 დეკემბერს განაცხადა, რომ პარლამენტში შევა, თუ ხელისუფლებისგან საარჩევნო რეფორმის მყარ გარანტიას მიიღებს. აღნიშნული პირობით პარლამენტში შესვლა კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის, მათ შორის, “ევროპული საქართველოსთვის”, “ნაციონალური მოძრაობისთვის (რომელსაც ყველაზე მეტი ოპოზიციური მანდატი აქვს), ასევე “ლეიბორისტული პარტიისა” და გირჩისთვის.

ამასთან, ელისაშვილი “ევროპულ საქართველოს” უცხოელი დიპლომატების მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც ელისაშვილი ამბობს, “ევროპული საქართველოს” მოლაპარაკებების დეტალების გამოტანა და ყველაფერის არევა სურთ. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ “ევროპული საქართველოს” ლიდერები პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები”, თავიდანვე აცხადებნენ, რომ არ აღიარებდნენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარლამენტში არ შევიდოდნენ, თუ არ დაინიშნებოდა ხელახალი რიგგარეშე არჩევნები. ბოლო რამდენიმე კვირაა, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკებები იმართება, რომლის დეტალები საჯარო არ არის. ხელისუფლება ამბობს, რომ მზად არის გარკვეულ დათმობებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები.

“ევსაქებს” მოლაპარაკებების ჩაშლა სურს, საბოტაჟით არიან დაკავებულები — ელისაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი