ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს მოქალაქე სიღარიბის გამო პოლიტიკურ თავშესაფარს გვთხოვდა | ცხინვალი

9 დეკემბერი, 2020 • 1383
საქართველოს მოქალაქე სიღარიბის გამო პოლიტიკურ თავშესაფარს გვთხოვდა | ცხინვალი

ოსური მხარის ცნობით, თბილისში მცხოვრები მოქალაქე რ.ბ. არსებობის ელემენტარული პირობების უქონლობის, უმუშევრობისა და არასახარბიელო ჯანდაცვის გამო დახმარებას და პოლიტიკურ თავშესაფარს ცხინვალს სთხოვდა. ინფორმაციას ოსური მედია აქვეყნებს და თან ურთავს საქართველოს მოქალაქის “აღიარებით” ვიდეოჩანაწერს.

აღნიშნული მიზეზით, როგორც დე ფაქტო უშიშროების სამსახური აცხადებს, მოქალაქემ 2020 წლის 24 ნოემბერს უკანონოდ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის საზღვარი და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

“მან განგვიმარტა, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი. მასობრივი უმუშევრობაა, ოფიციალური თბილისი კი უგულებელყოფს მოსახლეობის პრობლემებს. ამ ფონზე გაოცებას იწვევს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ევროკავშირის დამკვირვებელთა პოზიცია, რომლებიც თვალს ხუჭავენ საქართველოს მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობას ანგარიშებში აღწერენ, როგორც არასახარბიელოს”, – აცხადებენ დე ფაქტო უშიშროების უწყებაში.

ამასთან, ოსური მხარის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ჯარიმის გარეშე ქართულ მხარეს რამდენიმე დღის წინ გადაეცა.

ნეტგაზეთმა ცხინვალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. უწყება აღნიშნულ საკითზე კომენტარს არ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი