ახალი ამბები

მოვუწოდებთ კომისიას, იმოქმედოს კანონის ფარგლებში და არ ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში – კოალიცია

9 დეკემბერი, 2020 • 1177
მოვუწოდებთ კომისიას, იმოქმედოს კანონის ფარგლებში და არ ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში – კოალიცია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ კომუნიკაციების კომისიის 7 დეკემბრის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ კომისიამ კანონმდებლობის ფარგლებში უნდა იმოქმედოს და არ ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში.

ამას გარდა, ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს, უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მედიაორგანიზაციებს უფასო იურიდიული დახმარება გაუწიოს. საუბარია კომისიის იმ განცხადებაზე, სადაც მაუწყებლებს მოუწოდებს, არ განათავსონ ეთერში უხამსობის შემცველი პროგრამები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იმოქმედებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ კი მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიამ არ უნდა შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია.

“კომისიის მიერ 2020 წლის 7 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებით , (https://comcom.ge/…/komunikaciebis-komisia-movuwodebt… ) ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ კომუნიკაციების კომისია გეგმავს, ახლებურად განმარტოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერები, შეითავსოს თვითრეგულირების ფუნქცია და ახალი სანქციები გამოიყენოს მაუწყებლების წინააღმდეგ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსების მოტივით”,-აცხადებენ კოალიციაში.

ორგანიზაციის განცხადებაში მოყვანილია მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-14 მუხლი, რომლის თანახმადაც, ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსების საკითხებზე რეაგირება მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს პასუხისმგებლობა იყო. მეტიც, აკრძალული იყო აღნიშნულ საკითხზე კომისიისთვის ან სასამართლოსთვის მიმართვა. ხოლო 2009 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე სასამართლოსთვის მიმართვა გახდა შესაძლებელი.

“2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნო საკანონმდებლო ნორმა, რომელიც არ იძლეოდა ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას და საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია კომისიისთვის მიმართვის საკითხზე. მეტიც, სასამართლოსგან განსხვავებით, კომისიისთვის მიმართვის უფლება არ არის აღიარებული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით. შესაბამისად, ვერ დავეთანხმებით კომისიის მიერ მითითებული გადაწყვეტილების კონტექტს.

ვფიქრობთ, კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 07 დეკემბრის განცხადება არ შეესაბამება „მაუწყებლობისა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი კონტროლი აღნიშნული უფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმაა. მიგვაჩნია, რომ ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრებით ჩნდება ცენზურის პირდაპირ საფრთხე და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის შესაძლებლობა’, – ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას:
  • იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და არ ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში.
  • მოსაზრებები, თვითრეგულირების საკითხებთან დაკავშირებით ფართო დისკუსიის საგნად აქციოს.
ამავე თემაზე განცხადებები გაავრცელეს ჯურნალისტური ეთიკის ქარტიამ და საიამ.
კომუნიკაციების კომისია კი აცხადებს, რომ კანონმდებლობისა და მოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს ყველა მაუწყებელს, არ განათავსონ ეთერში უხამსობის შემცველი პროგრამები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია იმოქმედებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ გზით დაიცავს საზოგადოებას ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი სამაუწყებლო პროგრამებით  გამოწვეული ზიანისაგან.

“შეგახსენებთ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს მაუწყებლის მიერ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსებას, რომელიც შეიცავს უხამსობას. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებიდან 2009 წლამდე აღნიშნული მოთხოვნის დარღვევაზე რეაგირება შესაძლებელი იყო მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში და ამ საკითხის განხილვა არ დაიშვებოდა სასამართლოსა და კომუნიკაციების კომისიაში. აღნიშნული საკანონმდებლო შეზღუდვა ძალადაკარგულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც გამოხატვა კვეთს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ადამიანის უფლების დარღვევას შორის. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენა და მაყურებლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა.“ საკონსტიტუციო სასამართლომ არა მხოლოდ კონსტიტუციურად მიიჩნია ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამების განთავსებაზე სამართლებრივი რეაგირება, არამედ – დაადგინა სტანდარტი, რომ ასეთ შემთხვევებში უნდა არსებობდეს მაუწყებლის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი შესაძლებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის თითოეული გადაწყვეტილება გადის ეფექტურ სასამართლო კონტროლს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი თანაბრად ვრცელდება საკითხის როგორც სასამართლოში, ისე – კომუნიკაციების კომისიაში განხილვაზე. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიას, როგორც ქვეყანაში მედიაპოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებას, არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება აქვს მოახდინოს რეაგირება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე”, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი