ახალი ამბები

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების მოწყობის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება — კალაძე

9 დეკემბერი, 2020 • 1670
ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების მოწყობის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების მოწყობის საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო ნიშნები გამოიკვეთა. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს, 9 დეკემბერს, ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების განახლებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები აწარმოა, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და მინდინარეობს შუქნიშნების მონტაჟი.

„ხიზანიშვილის ქუჩაზე იყო გარკვეული პრობლემები. მაშინ შიდა აუდიტის სამსახურს დავავალე, რომ განეხორციელებინა მოკვლევა, თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. სრული მოკვლევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად, დადგინდა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში სერიოზული ხარვეზები და პრობლემების მთელი ჯაჭვი იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ ხიზანიშვილის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე გზის საფარი ჩაიწია, რის გამოც დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 85 000 ლარით დაზარალდა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოკვლევის შედეგად შედგენილი დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება.

„რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. მოკვლევის შედეგად, ვლინდება სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. საკითხი შემდგომი რეაგირებისა და გამოძიებისთვის გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნება“, – განაცხადა კალაძემ.

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია 2019 წლის მაისში დაიწყო და ძირითადი სამუშაოები, მათ შორის ასფალტის ზედა ფენის დაგება, 2020 წლის ივნისში დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

რატომ არის გლდანი გადათხრილი – კალაძე კონტრაქტორ კომპანიას აფრთხილებს

მასალების გადაბეჭდვის წესი