დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, 25 სექტემბერს, თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს იმ ორი კომპანიის გაფრთხილება დაავალა, რომლებიც გლდანსა და კიკვიძის ბაღში უკვე თვეებია, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ.
კალაძის თქმით, პრობლემა ფიქსირდება გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე.
ეს არის ორი ძირითადი ქუჩა გლდანში. სწორედ ხიზანიშვილის ქუჩით აკავშირებს გლდანის მიკრორაიონებს მეტროსადგურ ახმეტელის თეატრთან. აღნიშნული ქუჩა, თითქმის მთელი სიგრძე, რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთი, 2019 წლის მაისის შემდეგ გადათხრილია. შესაბამისად, ათასობით მოქალაქისთვის გადაადგილება გართულებულია როგორც მეტროსადგურის, ისე ქალაქის მიმართლებით.
“არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი – ეს იქნება ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად იმ კომპანიის მიმართ, ვინც ადგილზე მუშაობს. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ თუ სამუშაოები არ წარიმართება ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება და დაიწყეთ ალტერნატიული კომპანიის მოძიება. ჩვენ როცა მივდივართ სამუშაოების დასათვალიერებლად, გვაჩვენებენ, რომ ყველა მუშაობს, მიდის ფუსფუსი, გამოვდივართ და სამი დღის შემდეგ ხუთი-ექვსი კაცი მუშაობს. ეს კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და შეურაცხყოფაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, კომპანიამ კეთილი ინებოს და დაამატოს ჯგუფები იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს. მომდევნო დღეების განმავლობაში მივიდეთ ადგილზე და სიტუაციას კიდევ ერთხელ გავეცნოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის).
ამ შემთხვევაში ,კახა კალაძემ სამუშაოების მონიტორინგი მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა.
„აქაც ბოლო გაფრთხილებას ვიძლევი. ჩვენი სამსახურის თანამშრომლებსაც ვეუბნები, ვინც უშუალოდ კურირებს საკითხს – მერი არ უნდა დადიოდეს და არ უნდა ამოწმებდეს, თუ როგორ მიდის სამუშაოები. ორი-სამი დღის განმავლობაში პარკში არცერთი ადამიანი არ მუშაობს, მიგდებული და მიყრილია ყველაფერი, ტექნიკა არ მუშაობს. კონტრაქტით ნოემბერში აქვთ ჩაბარების ვადა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ სამუშაოების დამთავრება ადრეა შესაძლებელი, გავჩერდეთ და დაველოდოთ, როდის მოვა ნოემბერი. როცა ხალხი ხედავს, რომ გადათხრილია ყველაფერი და არავინ მუშაობს, მტკივნეულად აღიქვამს და მართალიცაა. ამის შემდეგ ჩვენ მიმართ კითხვის ნიშნები უჩნდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მოადგილეებს ორივე კომპანიასთან დროული კომუნიკაციის დაწყება და გაფრთხილება დაავალა, შეფერხების გაგრძელების შემთხვევაში კი ხელშეკრულების გაუქმება დაავალა.
გლდანში სამუშაოებს კომპანია “ენსისის” აწარმოებს, კიკვიძის ბაღში კი -“ინშაათ საქართველო”. ნეტგაზეთი ცდილობს ამ კომპანიებთან დაკავშირებას და განმარტების მოპოვებას, თუ რატომ არ სრულდება სამუშაოები და როგორ რეაგირებას აპირებენ კალაძის გაფრთხილებაზე.
„ერთი დღე როგორც კი შეჩერდება მუშაობა, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება. დავიღალე. 24 საათის განმავლობაში გვიწევს მონიტორინგი, თავზე ვადგავართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მენეჯმენტი არ არსებობს, უბრალოდ, მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. საზოგადოებას არ აინტერესებს, ეს კონტრაქტორის ბრალია თუ ვინმე სხვის. პასუხისმგებელი არის დედაქალაქის მერია. შესაბამისად, ჩვენ მიმართ აქვთ პრეტენზია. დღესვე დაიბარეთ ორივე კომპანია, ვისზეც ვსაუბრობდი და ბოლო გაფრთხილება მიეცით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მთავარ ფოტოზე: გადათხრილი ხიზანიშვილის ქუჩა. ფოტო: თაზო კუპრეიშვილი/ნეტგაზეთი