ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის კათოლიკოსი ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდებს |აქციები ერევანში

8 დეკემბერი, 2020 • 1231
სომხეთის კათოლიკოსი ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდებს |აქციები ერევანში

სომხეთში პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო ტალღის ფონზე, ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდებს სომხეთის აპოსტოლური ეკლესიაც.

სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის ომში დამარცხებისა და, შესაბამისად, სომხეთის შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე გადადგომა ურჩია. ინფორმაცია კათალიკოსის პრეს-სამსახურმა დღეს, 8 დეკემბერს გაავრცელა.

“ნიკოლ ფაშინიანს შევხვდი. შიდაპოლიტიკური დაძაბულობის გაღრმავებისა და თავად პრემიერ-მინისტრის მიმართ უნდობლობის ზრდის გამო, ჩვენ მას მოვუწოდეთ გადადგეს, რათა თავიდან იყოს აცილებული საზოგადოებრივი ცხოვრების რყევები, შესაძლო დაპირისპირებები და ტრაგიკული შედეგები”.

ამასთან, მან მოუწოდა პარლამენტს, ითანამშრომლოს პოლიტიკურ ძალებთან, კონსტიტუციის შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიოს და გარდამავალი მთავრობა ჩამოაყალიბოს.

ერევანში საპროტესტო აქციები 10 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას ცეცხლის შეწყვეტაზე, მთიანი ყარაბაღის რაიონების აზერბაიჯანისთვის გადაცემასა და რუსი სამშვიდობოების ყარაბაღში განთავსებაზე.

ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები დააანონსა და პრემიერის პოსტზე ყოფილი პრემიერის, ვაზგენ მანუკიანის კანდიდატურაც წარმოადგინა. ნიკოლ ფაშიანიანის გადადგომას ითხოვენ ასევე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი