ახალი ამბები

მზად ვარ მოლაპარაკებათა იმდენი რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება — ჰარცელი

8 დეკემბერი, 2020 • 1054
მზად ვარ მოლაპარაკებათა  იმდენი რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება — ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, რომელიც ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი ფასილიტატორია, ამბობს, რომ გუშინ, 7 დეკემბერს გამართულ მესამე რაუნდზე გარკვეული პროგრესის მიღწევა შეძლეს.

მისივე  თქმით, მხარეებს შორის ზოგიერთ საკითხში “გაგება გაგვიღრმავდა”  და ამას  დღეს, 8 დეკემბერს, ჩანიშნულ მეოთხე რაუნდზეც გააგრძელებენ.

როგორც ჰარცელი ამბობს, მზადაა იმდენი მოლაპარაკებათა რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება

“ვნახავთ, რამდენად შორს შეგვიძლია წავიდეთ საერთო პლატფორმის მისაღწევად. პარლამენტის შეკრებამდე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომლაპარაკებლები ამ პროცესს გავაგრძელებთ. მხარეთა მოთხოვნები ნამდვილად განსხვავებულია, ამიტომ ვიყავი და ვარ ფრთხილი მოლოდინებთან დაკავშირებით. ყველას რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს და ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, მხარეები დამატებით მანძილზე გავატაროთ. ამის იმედი გვაქვს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს იქნება რთული და მოითხოვს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას, შესაძლოა, გამომგონებლობასაც, იმისათვის, რომ საჭირო შედეგამდე მივიდეთ.

მზად ვარ იმდენი მოლაპარაკებათა რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება, ვიდრე ვხედავთ, რომ პროგრესი არის და ვიდრე ვიგრძნობთ, რომ მივიწევთ წინ.  თუმცა ნაადრევია იმის თქმა, თუ რა გველის ხვალ”, — განაცხადა ჰარცელმა მედიასთან, რომლის კომენტარსაც “რუსთავი 2” ავრცელებს.

ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, არ აპირებენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე რამდენიმე კვირაა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი