ახალი ამბები

სერგი კაპანაძე “ოცნებასთან” დახურული დიალოგის შინაარსზე საუბრობს

8 დეკემბერი, 2020 • 1162
სერგი კაპანაძე “ოცნებასთან” დახურული დიალოგის შინაარსზე საუბრობს

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დახურული დიალოგის შესახებ.

სერგი კაპანაძე ადასტურებს “ფორმულას” მიერ გავრცელებული დოკუმენტის ნამდვილობას, რომლის თანახმადაც, ოპოზიციის მოთხოვნები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტს, საარჩევნო სისტემის რეფორმას (მათ შორის 5%-იანი ბარიერის დაწევას) და ცესკოს ახლანდელი შემადგენლობის დათხოვნას შეეხება. კაპანაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მზადაა გარკვეულ დათმობებზე წასასვლელად საარჩევნო ადმინისტრაციის და სისტემის შეცვლის მიმართულებით, თუმცა ოპოზიციისთვის მთავარი საკითხებია ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

სერგი კაპანაძის თქმით, მარაზმია, მოლაპარაკებების სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებას ვერ ეუბნებოდე, რის შესახებ მიდის დეტალურად საუბარი, თუმცა ვერავინ აუკრძალავს ამომრჩეველს, სიტუაცია აღუწერონ.

“ოპოზიციურმა პარტიებმა ვთქვით, რომ არ შევდივართ, რადგან არჩევნები გაყალბდა. შემდეგ წარვადგინეთ სამი მოთხოვნა: პოლიტპატიმრები, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო სისტემა. ქოცებმა ელჩებს უთხრეს, რომ არ განიხილავენ არჩევნებს, პოლიტპატიმრებს, ჟვანიას მოხსნას, მაგრამ მზად არიან შეცვალონ რაღაც წესები 2021 ადგილობრივი არჩევნებისთვის. ეს წესების შეცვლა ჩვენთვის, “ევროპული საქართველოსთვის” ცალკე თუ ავიღებთ, მეორეხარისხოვანია. თუმცა, რადგანაც სხვები გულგრილი არ იყვნენ ამ იდეების მიმართ, და რადგანაც თუ არჩევნები ტარდება, ამ შეცვლილი წესებით უნდა ჩატარდეს, ქოცებს მივეცით დააფდეითებული დოკუმენტი, ანუ, ისევ 3 მოთხოვნა:

  1. პოლიტპატიმრები.
  2. არჩევნები.
  3. საარჩევნო წესები, აქვე 2021-ის დეტალებით.

ეს დოკუმენტი “ფორმულამ” გაავრცელა. ისევ ჩვენ დაგვაბრალეს უსამართლოდ, რომ ჩვენ დავლიკეთ [გავამჟღავნეთ]. ამ დროს არაფერ შუაში ვართ. დალიკვა რომ გვდომოდა, ფორმულას არ მივცემდით. ისეთს მივცემდით, ვინც ჩვენთან ნაკლებად აფილირდება. ისიც ვიცით, ვინ მისცა, მაგრამ ახლა არ აქვს მნიშვნელობა”, – წერს სერგი კაპანაძე.

მისი თქმით, გუშინ, 7 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მუშაობა ძირითადად მიდიოდა მე-3 პუნქტის (საარჩევნო ადმინისტრაცია და სისტემა) დეტალებზე.

“ქოცები რომ ამბობენ, პროგრესიაო, გულისხმობენ, რომ ამ მე-3 პუნქტზე რაღაცეებს თმობენ. ოღონდ, ეგ პუნქტი იმიტომ არის მესამე, რომ პირველი და მეორეა ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ პოლიტპატიმრები და ახალი არჩევნები. ამ ორზე თუ არ იქნა პროგრესი, პარლამენტში არ შევდივართ. მარტივია ჩვენთვის – “ევროპული საქართველოსთვის”. მოწოდებები, ელჩებს არ ელაპარაკოთო, არის ინფანტილიზმი და უპასუხისმგებლობა. მოწოდებები, მეტჯერ აღარ შეხვდეთ “ოცნებასო”, არასერიოზულია. თუ შანსია, მიაღწიო მიზანს მოლაპარაკებით, უნდა სცადო”, – აცხადებს კაპანაძე.

რაც შეეხება პლებისციტს, სერგი კაპანაძის შეფასებით, ის არის არჩევნებამდე მისვლის გზა და დანიშვნის შემთხვევაში, პლებისციტის ადმინისტრირება მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის და წესების შეცვლის შემდეგ მიღებული ცესკოს მიერ უნდა მოხდეს.

“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

ოპოზიციის და ხელისუფლების “პოზიციები დაახლოვდა, თუმცა მთავარ მოთხოვნებზე კომპრომისი არ ჩანს”

მასალების გადაბეჭდვის წესი