ტრასნგენდერმა აქტივისტებმა პანდემიის დროს კომპენსაციების მიღების თხოვნით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი მისწერეს და სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია გამართეს.
წერილში აღნიშნულია, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რომელსაც სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარებები არ შეხებია:
“შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით. ვინაიდან გვიწევს უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება საბაზისო საჭიროებების გარეშე, როგორიც არის საცხოვრებელი, საკვები, მედიკამენტები, გთხოვთ, რომ ჩვენი გასაჭირი და პრობლემები მიიტანოთ გულთან და ამ პანდემიის პირობებში, ვიდრე არსებული აკრძალვები არ დასრულდება, გთხოვთ მოგვაქციოთ ყურადღება, რადგან ვართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, არ შეგვხებია არცერთი ანტიკრიზისული დახმარება.
ამავდროულად, ტრანსგენდერი ადამიანების 90% ვიყავით სექსსამუშაოზე თვითდასაქმებულები და შეძლებისდაგვარად გაგვქონდა თავი. არსებული მდგომარეობის გამო აღარ გვაქვს ამის შესაძლებლობა, ამიტომ გთხოვთ, მოგვაქციოთ ყურადღება, გთხოვთ, არ გაგვწიროთ შიმშილის, სიცივის და სიკვდილისთვის”, – წერია წერილში.
წერილი გახარიას 100 ტრანსგენდერი მოქალაქის სახელით გაეგზავნა.
გარეკანის ფოტო: ნატა ფერაძე