ახალი ამბები

მაჭავარიანი პოლონეთის ელჩის კრიტიკას პასუხობს

7 დეკემბერი, 2020 • 1340
მაჭავარიანი პოლონეთის ელჩის კრიტიკას პასუხობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პასუხობს საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის კრიტიკას ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ჩინური კომპანიების შერჩევასთან დაკავშირებით. მაჭავარიანის თქმით, საქართველო ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ატარებს და არც ჩაატარებს.

რა თქვა პოლონეთის ელჩმა?

პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ევროკავშირის ელჩების კლუბი საქართველოში გაოცებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ევროკავშირის თანხებით საქართველომ ჩინეთთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.

“მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია”, – განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში.

“ბოლო წლებში ჩვენ ამ სექტორს პოლონეთში ძალიან სწრაფად ვავითარებთ. გადავწყვიტეთ, რომ კონცენტრირება გავაკეთოთ მაგისტრალების მშენებლობაზე ქვეყანაში. როგორც იცით, პოლონეთი ევროპის შუაგულია, ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, გქონდეს სწრაფი კორიდორი აღმოსავლეთიდან დასავლეთით და სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. ამ სექტორში ძალიან ბევრი კომპანია მუშაობს, ამ მიმართულებით ძალიან კარგი სპეციალისტები გავხდით“, – განაცხადა მაშკიევიჩმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამის მიზეზი იყოს დაბალი ფასი, პოლონელი დიპლომატი პასუხობს:

„პრობლემა გაცილებით უფრო რთულია. ჩინური კომპანიები გვთავაზობს ყველაზე დაბალ ფასს და ყველაზე მიმზიდველ პირობებს. ისინი აშენებენ მათი მეთოდით, არ ვამბობ იმას, რომ რაც ჩინურია, ცუდია. თუმცა ფასი არის უფრო კარგი შეფასების კრიტერიუმი? თანხების უმრავლესობა მოდის ევროკავშირიდან, კონკრეტულად, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან, რომლითაც საქართველო სარგებლობს. ჩვენ, ევროკავშირის ელჩების კლუბი საქართველოში, ცოტათი გაოცებული ვიყავით, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ევროკავშირის თანხებით საქართველომ ჩინეთთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. რატომ? ჩვენ ძალიან კარგი კომპანიები გვყავს ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთში. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მაღალი ხარისხი საიმედო ფასად”, – აღნიშნა მაშკიევიჩმა.

ფინანსთა მინისტრი პასუხი

“თუ პოლინური კომპანია იქნება საუკეთესო, დამერწმუნეთ, ტენდერში ისიც გაიმარჯვებს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პოლონეთის ელჩის საპასუხოდ.

მაჭავარიანის თქმით, ჩინეთი, განსხვავებით ირანისგან, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არ არის და ჩინური კომპანიები ოპერირებენ ევროკავშირშიც. შესაბამისად, პრობლემას ვერ ხედავს ტენდერებში ჩინური კომპანიების გამარჯვებაში. ფინანსთა მინისტრის თქმით, ტენდერებში კომპანიები იმარჯვებენ საუკეთესო წარმოდგენილი წინადადებების მიხედვით და არა — პოლიტიკური ნიშნით.

“საუბარია ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ჩრდოლოეთ-სამხრეთის და სხვა ისეთი პროექტები, რომელიც დონორის ფულით ფინანსდება… თქვენ ახსენეთ ევროკავშირის ფული. აქ არის არა მარტო ევროკავშირის ფული, არამედ აზიის განვითარების ბანკის ფული, მსოფლიო ბანკის ფული, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფული (EIB ევროკავშირის კრედიტორი ინსტიტუტია – რედ.) და ყველა იმ მსხვილი ჩვენი პარტნიორის ფული, რომლითაც ეს საერთო ნაციონალური პროექტები ფინანსდება. არის ძალიან  გამჭვირვალედ და ზუსტად გაწერილი პროცესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ტენდერი. ტენდერები სრულად იმ წესებით და სტანდარტებით ტარდება, როგორსაც ეს დონორი ორგანიზაციები მოითხოვენ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ტენდერის ჩატარების შედეგად იგებს ის კომპანია, რომელმაც საუკეთესო შეთავაზება გააკეთა.

“თუ ეს არის ჩინური კომპანია, რატომაც არა?! თუ მაგალითად, პოლინური კომპანია იქნება საუკეთესო, დამერწმუნეთ, ტენდერში ისიც გაიმარჯვებს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით და იმ სტანდარტებით, რომელიც სრულად თანხვედრაშია ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათი წესებით და მათი მონიტორინგის ქვეშ ხდება ტენდერები და იმარჯვებენ ის კომპანიები, რომლებიც არიან საუკეთესო. არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. ეროვნული თუ სახელმწიფო ნიშნით, თუ რომელი ქვეყნიდან არის, ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ. ჩვენ ვხელმძღვანელობთ საუკეთესო შეთავაზებით”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, არაერთი ჩინური კომპანია ოპერირებს ევროკავშირშიც.

“მე როგორც ვიცი, ჩინეთი არ არის სანქციების ქვეშ მოყოლილი, როგორც, მაგალითად, ირანი. ჩინური ქვეყნები ოპერირებენ ევროპაშიც და არა ერთი. აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩვენ ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ვატარებთ და არც ჩავატარებთ”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ჩინური კომპანიები, მათ შორის, ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო საინჟინრო კორპორაცია საქართველოში არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობენ, მათ შორის, ამ დროისთვის რიკოთის უღელტეხილზე აშენებენ ჩუმათელეთი-ხევის და ხევი-უბისას გზის მონაკვეთებს, შორაპნის მონაკვეთს და ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზას.

მასალების გადაბეჭდვის წესი