ახალი ამბები

ხაბეიშვილი ამბობს, რომ სააგენტომ ბაღში მატლებიანი ჩაი დაარიგა

7 დეკემბერი, 2020 •
ხაბეიშვილი ამბობს, რომ სააგენტომ ბაღში მატლებიანი ჩაი დაარიგა

თბილისის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილი Facebook-ზე საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის დარიგებულ მატლებიანი ჩაის ვიდეოს აქვეყნებს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ასეთი ჩაი თბილისის მერიის ბაღების სააგენტომ 210-ე ბაღში დაარიგა ბავშვების ოჯახებში გასანაწილებლად. ხაბეშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ვიდეო მშობელმა მიაწოდა.

ბაღების მართვის სააგენტოში მატლიანი ჩაის დარიგების ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ბავშვებზე გასაცემ პროდუქტს მერიის აიპ-ში და სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებენ.

“თბილისის საბავშვო ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო, მუდმივად ამოწმებს პროდუქტს, რომელიც სოციალური პროექტის ფარგლებში რიგდება თბილისის საბავშვო ბაღებში. არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა უხარისხო პროდუქტის, კონკრეტულად, არც უხარისხო და გაფუჭებული ჩაის შეტანის ფაქტი. ნობათის გატანისას პაკეტში არსებული პროდუქტი მოწმდება ადგილზე, ხდება ფოტო-ვიდეოგადაღება. მშობელი ადგილზე აფიქსირებს პროდუქტის ვარგისიანობას”,-უთხრეს ნეტგაზეთს სააგენტოში.

უკვე რამდენიმე თვეა თბილისის მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის გამო სააგენტო სხვადახვა პროდუქტს მშრობლებს ურიგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი