ახალი ამბები

ჩეხეთში ეძებენ თავდასხმაში ბრალდებულ 27 წლის ქართველს

7 დეკემბერი, 2020 •
ჩეხეთში ეძებენ თავდასხმაში ბრალდებულ 27 წლის ქართველს

ჩეხეთში 27 წლის ქართველს ეძებენ, რომელმაც, ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, 29 წლის კაცს სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე დაზიანებები მიაყენა.

ჩეხეთის პოლიციის განცხადებით, თავდასხმა ოქტომბრის დასაწყისში პრაღაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი გადარჩენა ექიმებმა შეძლეს.

“ხანგრძლივი ინტენსიური გამოძიების შედეგად, გამომძიებლებმა შეძლეს დაედგინათ, რომ სავარაუდო თავდამსხმელი 27 წლის ბაჩუკი ჯალაღონიაა საქართველოდან, რომელსაც მსგავსი ბრალდებით წარსულშიც ჰქონდა ბრალი წარდგენილი”, – აცხადებენ ჩეხეთის პოლიციაში.

მათი განცხადებით, ბრალდება სხეულის მძიმე დაზიანებას მოიცავს და დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ადგილობრიივ მედიის ცნობით, პოლიციამ გაატარა შესაბამისი ზომები სასაზღვრო კონტროლის მიმართულებით, ასევე ძებნა გამოცხადდა შენგენის ტერიტორიაზე, სადაც შესაძლოა ბრალდებული გაქცეულიყო.

ჩეხეთის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, შეატყობინონ ბრალდებულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, თუ ასეთს ფლობენ. ოფიციალურ განცხადებაში უწყება აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, ბრალდებული შეიარაღებული იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი