ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზებს ჩავბარდები, ჩემი სახლის ნანგრევებში ვიცხოვრებ” – დევნილი გაუსაძლის პირობებში

7 დეკემბერი, 2020 • 2782
“აფხაზებს ჩავბარდები, ჩემი სახლის ნანგრევებში ვიცხოვრებ” – დევნილი გაუსაძლის პირობებში

აფხაზეთიდან დევნილი ნატო ძინძიბაძე-ტოროშელიძე, 52 წლის 


დავიბადე აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბაში. იქვე დავამთავრე სკოლა. აფხაზეთის ომის დროს ქმართან განქორწინებული ვიყავი და 4 წლის შვილთან ერთად თბილისში 1993 წელს ჩამოვედი. ქუჩა-ქუჩა დავხეტიალობდით. ხან ვინ შეგვიფარებდა, ხან ვინ.

დედაჩემი და ჩემი ძმები უფრო დიდხანს დარჩნენ აფხაზეთში. ჩემი ორივე ძმა ომში იბრძოდა და დედამ ვერ დატოვა. მოგვიანებით ისინიც ჩამოვიდნენ. იმის მიუხედავად, რომ ორივე ძმა ომის ვეტერანია, დღემდე არც მათ აქვთ საცხოვრებელი და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. დედაჩემი ერთოთახიანის რიგშია წლები და უკვე მერამდენედ ატყუებენ, 78 წლის ავადმყოფს, შრომის ვეტერანს, რომელიც სამ კედელში და ნანგრევებში ცხოვრობს.

მე ბინაზე განაცხადი ვერ შემაქვს, არც დევნილობის შემწეობა მაქვს დანიშნული, რადგან წლებია დევნილის სტატუსისთვის ვიბრძვი. 2004 წელს მეორე შვილი პატარა მყავდა და რეგისტრაციის გავლა ვერ მოვასწარი. ავტომატურად მომეხსნა სტატუსი. მერე, უკვე დაგვიანებულიაო, მითხრეს.

2017 წელს იურისტის დახმარებით სტატუსის აღსადგენად სასამართლოს მივმართე. მოვიგე ორი სასამართლო ინსტანცია, საქალაქო და სააპელაციო. ერთი წელი დასჭირდათ სააპელაციოდან უზენაესში ჩემი საქმის გადასაგზავნად, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავიმუქრე, რომ მანქანას შევუვარდებოდი  რუსთაველის გამზირზე. მეორე დღესვე გადაგზავნეს უზენაესში. მას შემდეგ უზენაესშია ჩემი საქმე. ნეტა, კიდევ რამდენი ხანი უნდა ველოდოთ?

უკვე სამი წელია აფრიკის დასახლებაში ქირით ვცხოვრობ შვილებთან ერთად. 250 ლარს ვიხდით. არაერთი განაცხადის მიუხედავად, არც სოციალური დახმარება დამინიშნეს, არავინ მოსულა, რომ ჩემი პირობები შეემოწმებინა. სოციალურ სამსახურში ყველა მისვლაზე მპირდებიან, – “დაელოდეთ, ქალბატონო, მოვლენ”.

მეზიზღება ეს ქვეყანა, სადაც ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან, თავი როგორ მოვიკლა, მკვდარიც სად უნდა დამასვენონ?

თუ კიდევ არ აღმიდგინეს სტატუსი, უკიდურეს ზომას მივმართავ, თავს მოვიკლავ შვილებთან ერთად, გადავისხამთ ბენზინს. აბა, რას ჩავეჭიდო, სად წავიდე სიცივეში? 10 დეკემბერს ქირის გადახდა მიწევს. ზაფხული რომ იყოს, მინდორში გავიდოდით და იქ დავიძინებდით.

წელიწადნახევარია ერთ უცხოელ ქალბატონს ვუვლიდი და 800 ლარს მიხდიდნენ. მერე წაიყვანეს ეს ქალბატონი სხვა ქვეყანაში. მერე 200 ლარი მასესხა მეზობელმა, ლილოში წავედი, ვიყიდე რაღაც წვრილმანები და სამგორში დავდიოდი, ვყიდიდი. ახლა ეს საშუალებაც წაგვართვეს.

უსინდისო მთავრობა გვაქვს, როგორ უნდა ვთქვა, რომ სამშობლო მეზიზღება, მაგრამ იქნებ აფხაზეთს, იმათ მთავრობას მივმართო, ჩემს ნანგრევებში მაინც შემიშვან და იმათი მონა ვიქნები. რაღა მნიშვნელობა აქვს უკვე რამეს. ღმერთმა ნუ ქნას და საქართველოში ომი დაიწყოს, ჯარშიც არ გავუშვებ ჩემი 19 წლის შვილს. არ იმსახურებს ამას ეს ქვეყანა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი