ახალი ამბები

ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ “გირჩელს” ვინც გვერდით გიდგას – ხაჩიძე ჯაფარიძეს

4 დეკემბერი, 2020 • 958
ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ “გირჩელს” ვინც გვერდით გიდგას – ხაჩიძე ჯაფარიძეს

“გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე პარტიაში მიმდინარე პროცესებს Facebook-ზე ეხმაურება და ზურაბ ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

ხაჩიძე, რომელმაც ენმ-დან წამოსულ რამდენიმე დეპუტატთან ერთად “გირჩი” 2016 წელს დააფუძნა, წერს, რომ “გირჩის”, როგორც იდეის მთავარი მამოძრავებელი, დაარსებიდან დღემდე ზურაბ ჯაფარიძეა.

“გირჩი  სახელად პარტიას მე დავარქვი. შემდეგ ისე მოხდა, რომ შენი ნაწილობრივი ”ნათლიაც” გამოვედი. ”გირჩი” იდეაა, უნიკალური იდეა, და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ! ეს ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც. თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა. მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში. ისიც ვიცი, რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ. ვიცი, როგორ აგროვებდი გირჩიდან არადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს. ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს… მესმის, რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს… ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს, ვინც გვერდით გიდგას! “,- მიმართავს ხაჩიძე ზურა ჯაფარიძეს.

ხაჩიძე “გირჩის” ოფისშიც მივიდა, სადაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მხარდამჭერებმა და წევრებმა უნდა მიიღონ, მათ შორის იმასთან დაკავშირებითაც, ვინ დარჩება/წავა “გირჩიდან”. ამასთან, მიაჩნია, რომ პარტიიდან იაგო ხვიჩია და ვახტან მეგრელიშვილი უნდა წავიდნენ.

“ვფიქრობ, იქნება გარკვეული მოლაპარაკებები, პროცედურები და ნებისმიერი წესებით, მაგალითად, არსებობს “გირჩის” ჯგუფი, “ბაბლი”, ათასი რამ არსებობს. შესაბამისად, ნებისმიერი წესით0 ანუ ხალხის რაოდენობის, მხარდამჭერების და სხვა- უნდა აირჩეს, რა წესებით უნდა გადაწყდეს, ის ხალხი წავიდეს “გირჩიდან”, თუ მეორე ვერსიას [ჯაფარიძის წასვლას] ვერც განვიხილავ..  ეს წესები გადაწყვეტს, ვინ და როგორ იქნება “,-აცხადებს ხაჩიძე.

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის შიდა ჯგუფში (რომლის სახელია „გირჩის ბაბლი“), დაწერა, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“:

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ, ჩემი, ხოლო მეორე მხრივ, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო“.

წინა დღეს ჯაფარიძე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას ნათქვამს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით.  ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარების გამო შსს-ს მიერ მოქალაქის დაკავების შემდეგ ფეისბუკზე ხვიჩიამ დაწერა:

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ ფეისბუკზე. ჯაფარიძემ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩიას ნათქვამი „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი