ახალი ამბები

“ვართ შოკურ მდგომარეობაში, ველოდებით ზურას [განმარტებებს]” – მეგრელიშვილი

4 დეკემბერი, 2020 • 1186
“ვართ შოკურ მდგომარეობაში, ველოდებით ზურას [განმარტებებს]” – მეგრელიშვილი

“ვართ შოკურ მდგომარეობაში, ჯერ არაფერი ვიცით, ახლა ვარკვევთ. უფრო სწორად, ველოდებით ზურას [ჯაფარიძეს]”, – ამბობს “გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.

“წარსულზე და მიზეზებზე უფრო საინტერესო ახლა არის, როგორ განვითარდება მომავალი. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ წარმოუდგენია ზურას, როგორ შეიძლება ჩვენ გავაგრძელოთ საქმიანობა, რასაც იდეაში ერთად ვაკეთებდით. არავის უთქვამს, ამ საქმიანობას თავს ვანებებო. შესაბამისად, ბევრი ტექნიკური საკითხი გვექნება გასარკვევი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მეგრელიშვილმა.

ის არ გამორიცხავს, “გირჩმა” ერთიანობა შეინარჩუნოს: “იქნებ ზურამ შეიცვალა პოზიცია, ხომ უნდა ვიცოდეთ? მე არაფერს გამოვრიცხავ, რადგან არაფერი ვიცი”.

ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის საკითხზე “გირჩში” აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა. ის არ აკონკრეტებს, პარტიის გაყოფის შემთხვევაში, თვითონ შევა თუ არა პარლამენტში, ამბობს, რომ ჯერ არ აქვს პასუხი კითხვაზე, როგორ აგრძელებს საქმიანობას.

“ჩვენ ერთად ვიყავით მოლაპარაკებების პოლიტიკურ პროცესში ოპოზიციასთან, ელჩებთან და ა.შ. ახლაც იქ უნდა ვიყოთ, წესით, რომ არა ეს კრიზისი. მაგ ნაწილში ჩვენ შორის არასდროს ყოფილა არავითარი განსხვავება. თუ [ბოიკოტის] გადაწყვეტილებაში რამე შეიცვლება, ეგ უნდა განმარტოს ზურამ. მე ხვალ რომ გავაგრძელო საქმიანობა და როგორ, ამისთვის უნდა ვიცოდე პასუხები კითხვებზე, რომლებიც მართლა მაინტერესებს”, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

“გირჩის” პრესსამსახურში ამბობენ, რომ ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებაში არაფერი შეცვლილა და ის პარლამენტში არ შედის.

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის შიდა ჯგუფში (რომლის სახელია „გირჩის ბაბლი“), დაწერა, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“:

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ, ჩემი, ხოლო მეორე მხრივ, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო“.

წინა დღეს ჯაფარიძე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას ნათქვამს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით. ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარების გამო შსს-ს მიერ მოქალაქის დაკავების შემდეგ ხვიჩიამ   ფეისბუკზე დწერა:

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ ფეისბუკზე.

ჯაფარიძემ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩიას ნათქვამი „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

ჯაფარიძე ამბობს, რომ არ აპირებს პარტიის გაყოფის მიზეზებზე საჯაროდ საუბარს.

ზურაბ ჯაფარიძე ჯგუფში პოსტის ბოლოს წერს: „გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი