ახალი ამბებისაზოგადოება

“გარეთ გასვლის მეშინია” – თბილისში მცხოვრები ირანელი ქალი ოჯახში ძალადობაზე საჯაროდ საუბრის შემდეგ

6 დეკემბერი, 2020 • 2407
“გარეთ გასვლის მეშინია” – თბილისში მცხოვრები ირანელი ქალი ოჯახში ძალადობაზე საჯაროდ საუბრის შემდეგ

თბილისში მცხოვრები ირანელი ქალის თქმით, სამშობლო ოჯახში ძალადობის გამო დატოვა, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბრის შემდეგ, თავს უსაფრთხოდ ვეღარც საქართველოში გრძნობს.

როგორც 29 წლის მინა დაშთესთანი ყვება, ყველაფერი 6 თვის წინ დაიწყო, როცა ირანში მამის მიერ მოზარდი გოგოს მკვლელობის შემდეგ, ძალადობის კუთხით საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ ვიდეო ჩაწერა და ირანელ აქტივისტსა და ჟურნალისტს გაუგზავნა.

ამბობს, რომ მას შემდეგ არაერთგზის დაურეკეს ირანის საელჩოდან, თუმცა ადგილზე არ ცხადდება, ვინაიდან, არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები.

“მამაჩემი მაწამებდა” – გზა ირანიდან საქართველომდე

მინა დაშთესთანი ამჟამად თბილისში, ორ ტყუპ გოგონასთან ერთად ცხოვრობს და აქვე მუშაობს.  “ნეტგაზეთს” უყვება, რომ ირანი 6 წლის წინ, 23 წლის ასაკში, მეუღლესთან ერთად დატოვა და თურქეთში გაემგზავრა, თუმცა, პრობლემური ორსულობის ფონზე, სამშობლოში დაბრუნება და იქაური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მშობიარობა არჩია.

აღნიშნულის შემდეგ, 2017 წელს, წყვილმა კვლავ დატოვა ირანი, უკვე შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და აქ ბიზნესის დაწყება სცადა. როგორც მინა ამბობს, საქმე წარმატებით არ წავიდა, 2 წლის შემდეგ კი მისმა მეუღლემ თბილისი დატოვა და ირანში გაემგზავრა. ასე გახდა ის მარტოხელა დედა.

თუმცა, როგორც აღნიშნავს, ირანის დატოვების მიზეზი არ ყოფილა მხოლოდ ბიზნესის კეთებისა და უკეთესი ეკონომიკური ყოფის სურვილი: ის გამოექცა ოჯახში ძალადობას მამის მხრიდან, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა მისი და დედამისის მიმართ.

“ძალიან პრობლემურ ოჯახში გავიზარდე. მამაჩემი მაწამებდა. როდესაც სასამართლოში მივდიოდით, არანაირი დაცვის მექანიზმი იქ არ ჰქონდათ.

…ყოველ ჯერზე, როდესაც სასამართლოში მივდიოდი, ისინი მეუბნებოდნენ, რომ ვინაიდან ის მამაჩემი იყო, უნდა მომესმინა მისთვის… მაშინაც კი, თუ ის ტყუოდა.”, – აცხადებს ის.

მინა დაშთესთანი ყვება, რომ ძალადობის ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, რომელსაც დედამისი და პატარა ძმაც შეესწრნენ, პოლიციაში დარეკა, თუმცა სახლში მისულმა პოლიციელმა უთხრა, რომ “ის მამამისია და რასაც იტყოდა, უნდა დამორჩილებოდა”.

მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსვლიდან ორი თვის შემდეგ, დედამისმა “ოჯახის დანგრევის” თანმდევი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მისი შენარჩუნება სცადა და მინას, მისი მეუღლისა და ბავშვების თბილისში გამომგზავრებიდან 2 თვეში, აქ დედამისი და მამამისიც ჩამოვიდნენ.

თუმცა, ყვება, რომ არც თბილისში შეცვლილა რაიმე: მამა ამჯერად მეუღლეზე(მინას დედაზე) ძალადობდა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. ამის გამო ჯაფარ დაშთესთანის ქართულმა პოლიციამ – შემაკავებელი, სასამართლომ კი – დამცავი ორდერი გამოუწერა.

დაშთესთანიმ “ნეტგაზეთს” გამოუგზავნა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაც, რომლითაც დგინდება, რომ ჯაფარ დაშთესთანი უარყოფს ყველა ბრალდებას, ამბობს, რომ არის “მშრომელი”, ჰქონდა “მოსიყვარულე ოჯახი” და მეუღლე მხოლოდ იმის გამო უჩივის, რომ ირანში დაბრუნება არ სურს.

საპირისპიროდ, თავიანთ ჩვენებებში კაცის მხრიდან ცოლისადმი ფსიქოლოგიური ძალადობა დაადასტურეს მისმა შვილმა – მინამ, სიძემ და დისშვილმა, რომელიც ასევე თბილისში იმყოფებოდა. სიძემ აღნიშნა, რომ თავადაც შესწრებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს.

აღნიშნულის შემდეგ, მინას ოჯახის წევრებმა დატოვეს საქართველო და ირანში დაბრუნდნენ. მშობლები ოფიციალურად იქ გაეყარნენ.

რა მოხდა მძიმე ისტორიების გასაჯაროების შემდეგ?

როგორც ყვება, საკუთარ გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ირანში, გილანის პროვინციაში, საკუთარმა მამამ 14 წლის გოგოს – რომინა აშრაფის – თავი მოკვეთა.

“ბანკში ვიყავი, როდესაც ეს ამბავი წავიკითხე და ტირილი დავიწყე. ამ ისტორიამ გამახსენა, რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში”, – ამბობს მინა.

როგორც ამბობს, იქამდე საკუთარ ცხოვრებაზე ხმამაღლა საუბრისგან თავს იკავებდა, ვინაიდან მისი მეუღლის ოჯახი ცნობილია ირანში და არ სურდა, უსიამოვნება შეექმნა მისთვის. თუმცა, ზემოხსენებული მკვლელობა ბოლო წვეთი აღმოჩნდა:

მინა ემიგრაციაში მცხოვრებ ირანელ ჟურნალისტსა და ქალთა უფლებადამცველს, მასიჰ ალინეჟადს დაუკავშირდა, რომელთანაც იქამდეც ჰქონია შეხება და თავისი ისტორიის საზოგადოებისთვის გაზიარებაში დახმარება სთხოვა:

“ვესაუბრე მასიჰს და ვუთხარი, რომ თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, მოვყვებოდი ჩემს ისტორიას, ვინაიდან, არ მინდა, მე ვიყო შემდეგი რომინა, ჩემმა შვილებმა გამოსცადონ იგივე ანდა სხვა გოგოებმა. თუ მე დღეს არ ვიმოქმედებ, [ხვალ] კიდევ ერთი გოგო დაიღუპება”.

მინას ორი ვიდეო სოციალურ ქსელში ასობით ათასმა ადამიანმა ნახა, მოიწონა და გააზიარა. თუმცა, როგორც ამბობს, ამის შემდეგ დაიწყო პრობლემები, რის გამოც ვეღარც თბილისში გრძნობს თავს უსაფრთხოდ. მისი თქმით, ვიდეოს გავრცელებიდან ორ დღეში, მას ირანის საელჩოდან დაურეკეს.

“მეუბნებოდნენ, რომ მივსულიყავი, რადგან რამდენიმე შეკითხვა ჰქონდათ. მე არ წავსულვარ. სამი ზარის შემდეგ აღარ დაურეკავთ”, – ამბობს ის.

“გარეთ რომ გავდივარ, მეშინია”

დაშთესთანის თქმით, საელჩოდან ზარი კვლავ გაისმა მას შემდეგ, რაც ირანის ერთ-ერთმა სახელისუფლებო ტელეარხმა მასიჰ ალინეჟადის შესახებ მომზადებულ ნეგატიურ სიუჟეტში მისი ვიდეო აჩვენა.

“სიუჟეტში ამბობდნენ, რომ ყველა ადამიანი, ვინც მასიჰს ვიდეოებს უგზავნის, იღებს ფულს აშშ-სგან, იღებს ფულს მასიჰისგან ან ტერორისტია.

მათ აჩვენეს ჩემი ვიდეოს ჩანაწერი, თუმცა სახე დაფარული იყო. ამბობდნენ, რომ ამ ადამიანებს სურთ, ცუდად წარმოაჩინონ ირანი. რეალურად, არც ფული ამიღია არასდროს, არც ტყული მითქვამს და არც ტერორისტულ საქმიანობაში ვყოფილვარ ჩართული.

ამ სიუჟეტის შემდეგ ისევ დამირეკეს და მითხრეს, რომ ეს იყო ბოლო გაფრთხილება, აუცილებლად უნდა მივსულიყავი. რომ ვკითხე, რა იყო მიზეზი, მითხრეს, რომ კითხვები ჰქონდათ მასიჰ ალინეჟადისთვის გაგზავნილ ვიდეოზე. ვუთხარი, რომ არ წავიდოდი და არც წავსულვარ”, – უყვება ის “ნეტგაზეთს”.

ამბობს, რომ აღნიშნულის შემდეგ თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს. ამასობაში, მინას თქმით, ირანიდან გამოუგზავნეს მეუღლესთან გაყრისათვის საჭირო დოკუმენტი, რომლის მისაღებადაც საელჩოში უნდა მივიდეს. მისი განცხადებით, ამას კვლავ არ აკეთებს, რადგან შიშობს, რომ დააკავებენ:

“როცა ამ სიტუაციაში ხარ, ძალიან საშიშია, იყო ძლიერი. გარეთ რომ გავდივარ, მეშინია. ჩემი ოჯახიც სულ მეუბნება, რომ გარეთ გასვლისას ფრთხილად უნდა ვიყო, მეხუროს ქუდი, არ ჩამოვწიო მანქანის მინები… იმდენად შეშინებული ვარ, გარეთაც ვერ გავდივარ მარტო”.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხთან დაკავშირებით ირანის საელჩოს უკვე დაუკავშირდა, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. საელჩოს პოზიციას მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

უარი ბინადრობის უფლებაზე

მინა დაშთესთანის ამ დრომდე არ აქვს შრომითი ბინადრობის უფლება, რომელსაც ის ითხოვს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მას აღნიშნულზე უარი უთხრა უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის შემდეგი ქვეპუნქტებით:

ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;

გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

დაშთესთანისთვის გაუგებარია, მისი რომელი საქმიანობა უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ წესრიგს. მისი ადვოკატის თქმით, ეს არის შაბლონური გადაწყვეტილება, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ პუნქტებით ეუბნებიან უარს ბინადრობის უფლების მსურველებს.

“ამას ადგენს არა სააგენტო, არამედ სუს-ი. შესაბამისად, რა დევს ამ პუნქტების ქვეშ და რის საფუძველზე ეუბნებოდნენ მას უარს, ეს არის გასაიდუმლოებული”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

დაცვის მხარემ სააგენტოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ორჯერ მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა ორჯერვე დაკმაყოფილდა და ახლა სააგენტო მესამედ განიხილავს დაშთესთანის საკითხს.

“ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა. ის ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ჰყავს თანამშრომლები, შემოსავალი… ყველა წინაპირობაა, რომ მიენიჭოს შრომითი ბინადრობის ნებართვა”, – დასძენს ადვოკატი.

დაშთესთანი მოუწოდებს საზოგადოების წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ მისი ისტორიითა და უსაფრთხოებით:

“მინდა, რომ წაიკითხონ და გააზიარონ ჩემი ამბავი. ჩემი და ჩემი შვილების დაცვა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. ყველაფერ ამის შემდეგ, წამების, ემიგრაციის, პრობლემების შემდეგ, დროა, რომ დამიცვან. მხოლოდ დაცვა მჭირდება ჩემი და ჩემი ბავშვებისა”.

“სინდისის მკვლელობა” – რომინა აშრაფის საქმე

ამბავი, რომელმაც მინა დაშთესთანი თავისი ისტორიის გასაჯაროებისაკენ უბიძგა, ირანში, გილანის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. 14 წლის რომინა აშრაფის საკუთარმა მამამ თავი მოკვეთა მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი 28 წლის კაცთან ერთად სახლიდან გაიქცა.

სანამ მოკლავდა, კაცმა პოლიციაში იჩივლა და შვილის სახლში დაბრუნება მოითხოვა. მედიის თანახმად, მას შემდეგ, რაც იპოვეს, მოზარდი ეხვეწებოდა მოსამართლეს, არ დაებრუნებინა ის სახლში, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ მამამისი მოკლავდა. მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. მიიჩნია რა, რომ რომინამ ოჯახის “ღირსება შეურაცხყო”, მშობელმა ის მოკლა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ირანში ვნებათაღელვა გამოიწვია სასჯელის ზომამაც, რომელიც მკვლელს განუსაზღვრეს: 9-წლიანი პატიმრობა. ეს მაშინ, როცა მკვლელობისათვის ირანში გაცილებით მძიმე სასჯელი მოქმედებს, მეორე მხრივ კი, ციხეში ათწლეულებით უშვებენ ქალებს, რომელთაც სავალდებულო ჰიჯაბის ტარებაზე თქვეს უარი.

პოლიციამ 2 წლით დააპატიმრა კაციც, რომელთან ერთადაც რომინა აშრაფი სახლიდან გაიქცა. თავის მხრივ, ის ამბობდა, რომ მოზარდს უყვარდა და თავად სთხოვა, გაერიდებინა ნარკოტიკებზე დამოკიდებული მამისგან, რომელიც ყოველ დღე სცემდა.

კანონი კაცის მხარეს

რომინა აშრაფის საქმე არაერთი დამკვირვებლისთვის ილუსტრაციაა იმისა, რომ არაერთ შემთხვევაში ირანული კანონი კაცის მიმართ მეტად ლოიალურია მაშინაც კი, როცა ცალსახაა მის მიერ ჩადენული დანაშაულის სიმძიმე.

მეორე მხრივ, კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ირანის კანონმდებლობის ნაწილი დაფუძნებულია ცნებაზე, რომ კაცებს აქვთ უფლება, “განსაზღვრონ ქალების დისციპლინა” იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაუხვევენ რიგი სოციალური ნორმებიდან.

ქვეყანაში მოქმედი კანონით, განზრახ მკვლელობისთის სასჯელის ზომად სიკვდილით დასჯაა განსაზღვრული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოკლულის ოჯახი მკვლელს პატიობს. თუმცა, ვითარება იცვლება მაშინ, თუ მკვლელი მამაა ან ბაბუა მამის მხრიდან: მათთვის მაქსიმუმ 10-წლიანი პატიმრობაა განსაზღვრული.

აშრაფის მკვლელობიდან მალევე, ირანის პარლამენტმა დააჩქარა დამტკიცება კანონპროექტისა “ბავშვთა და მოზარდთა დასაცავად”. Human Rights Watch დადებითად აფასებს კანონის რიგ მუხლებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტს თან ახლავს რიგი ხარვეზები. ორგანიზაციის თქმით, კანონი არ განსაზღვრავს ოჯახურ ძალადობას და სასჯელს მიღმა ტოვებს გენდერზე დაფუძნებული ძალადობის არაერთ ფორმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი