ახალი ამბები

სავაჭრო მოლები და საცალო ვაჭრობის კომპანიები შეზღუდვების მოხსნას 24-ის ნაცვლად 15 დეკემბერიდან ისევ ითხოვენ

3 დეკემბერი, 2020 • 1041
სავაჭრო მოლები და საცალო ვაჭრობის კომპანიები შეზღუდვების მოხსნას 24-ის ნაცვლად 15 დეკემბერიდან ისევ ითხოვენ

სავაჭრო ცენტრებისა და სხვადასხვა საცალო ვაჭრობის კომპანიები მთავრობას კიდევ ერთხელ სთხოვენ, მუშაობის უფლება 24 დეკემბრის ნაცვლად 15 დეკემბრიდან მიეცეთ. გავრცელებულ განცხადებაში სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებისა თუ ბრენდული ქსელის მაღაზიები სექტორში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ წინასაახალწლო პერიოდში იმედი ჰქონდათ, რომ გაყიდვები გაეზრდებოდათ. მეტიც, მათი თქმით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გრაფიკით რისკის ქვეშ დადგება ქვეყანაში მინიმუმ 25 000 სამუშაო ადგილი და ასეულობით მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობა.

“ზემოაღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, მოვითხოვთ, მოხდეს მიღებული გადაწყვეტილების კორექტირება ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, კერძოდ:

  • გაიხსნას და მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბირდან 3 იანვრის ჩათვლით. დროის ამ მონაკვეთზე მომხმარებელთა გადანაწილება რეალურად შეამცირებს მასობრივი თავყრილობების რისკს და ინფექციის გავრცელების ალბათობას. სავაჭრო ცენტრები და საცალო სავაჭრო ობიექტები მზად არიან გაზარდონ კოვიდუსაფრთხოების ზომები ამ პერიოდში და უზრუნველყონ მომხმარებელთა ნაკადის რეგულირება;
  • მოხდეს 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლება. ეს საშუალებას მოგვცემს, გამოთავისუფლებული თანხები მივმართოთ საოპერაციო სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ასევე, მინიმუმ, შემდგომი 4 თვის განმავლობაში შევინარჩუნოთ დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი”, -წერია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერებს სურთ დნენ შეხვხელისუფლების წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებს, რათა განიხილონ დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კიდევ უფრო მაღალი დონის უსაფრთხოების ზომებს და განტვირთავენ პიკურ პერიოდებს.

“‘მზად ვართ პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ ღონისძიებების გატარებაზე, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ნაკადების მართვა სავაჭრო ობიექტებში უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით”.

განცხადებას ხელს აწერენ: თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, თბილისი ცენტრალი, ქარვასლა, სიტი მოლი, გლდანი მოლი, შპს „რითეილ გრუპ ჯორჯია“ და მასთან აფილირებული კომპანიები, შპს „ელსი ვაიკიკი გე“, შპს „ICR ჰოლდინგი“, შპს „თრეიდლაინი“ – დრესაპ; შპს „ჯითექსი“.

ნოემბრის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სავაჭრო მოლები 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვილით იმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი