ახალი ამბები

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

3 დეკემბერი, 2020 • 622
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორივე დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისის ზღვის ჰოსპიტალს ყაჩაღურად თავს დაესხნენ “ტტ”-ს სისტემის პისტოლეტითა და სანადირო თოფით შეიარაღებული.

“თავდამსხმელებმა ჰოსპიტლის დარაჯის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა მიმღების შესასვლელი კარის მინა, შემდეგ მათ შენობაში შეაღწიეს, მიმღები განყოფილების სალაროდან უკანონოდ დაეუფლნენ 3500 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს და დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალს თავს დაესხნენ, წაღებულია თანხა

მასალების გადაბეჭდვის წესი