ერევნის მერიის გადაწყვეტილებით, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, წელს ნაძვის ხეს არ დადგამენ, სომხეთის დედაქალაქში არც საახალწლო განათებები და მორთულობები დამონტაჟდება. ამის შესახებ სომხურ მედიასთან საუბარში ერევნის მერიის პრეს-სპიკერმა აკოფ კარაპეტიანმა განაცხადა.
ამასთან, ოფიციალური ცნობითვე, 24 ნოემბერს ერევნის უხუცესთა საბჭომ ერევანში საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად გათვალისწინებული 100 მილიონი დრამი [200 ათას აშშ დოლარზე მეტი] სტეპანაკერტში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გაგზავნა.
ყარაბაღის მეორე, 45- დღიან ომში, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყო, სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეს რამდენიმე ათასი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ დრომდე რამდენიმე ათეული სომეხი ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.