ახალი ამბები

დღგ-ის შემცირება და სხვა – სტუმარ-მასპინძლობის სექტორი გახარიას თხოვნით მიმართავს

1 დეკემბერი, 2020 •
დღგ-ის შემცირება და სხვა – სტუმარ-მასპინძლობის სექტორი გახარიას თხოვნით მიმართავს

სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის 33 წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილს უგზავნის და რამდენიმე საკითხის მოგვარებას სთხოვს.

ისინი ითხოვენ:

  • სახელმწიფომ უზრუნველყოს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დასაქმებული 300 000-მდე ადამიანის დეკლარირებული ხელფასის 50%-ის კომპენსანცია;
  • ასევე, სფერო სახელმწიფომ უზრუნველყოს ნულპროცენტიანი გრძელვადიანი სესხებით, რათა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა შეძლონ თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდა;
  • შეიმუშაონ დამატებითი რეგულაციები სტუმარ-მასპინძლობის სფეროს სამუშაო პროცესის განახლების მიზნით;
  • ერთი წლის განმავლობაში საგადასახადო ტვირთი, კერძოდ დღგ-ის განაკვეთი, შეუმსუბუქდეთ;
  • ისარგებლონ საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების პროგრამით მინიმუმ ერთი წლის ვადით და ა.შ.

რესტორნები, კაფეები და სხვა დაწესებულებები წერილს ოფიციალურად 2 დეკემბერს გაუგზავნიან პრემიერ-მინისტრს.

„ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ წერილის შინაარსს:

ვითარების აღწერა

„ბატონო პრემიერო, მოგმართავთ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის სახელით. საქართველოს რესტორნის, კაფე-ბარისა და კვების დაწესებულებების ინიციატივით, მსოფლიო პანდემიის პირობებში პრობლემურ საკითხებზე.

უპირველეს ყოვლისა, გვინდა გაცნობოთ, რომ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია (შემდგომში „ინდუსტრია“) უკიდურესად მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდა პანდემიის პირობებში, რაც თავდაპირველად განაპირობა ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვამ და ტურისტების სრულმა დეფიციტმა, ხოლო ამჟამად ქვეყნის დიდ ქალაქებში იზოლაციისა და კარანტინის წესების გამკაცრებამ (ე.წ. „ლოკდაუნი“).

მოგეხსენებათ, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია შიდა და გარე ტურიზმთან. თითქმის წელიწადია, რაც საქართველოს საზღვრები ჩაკეტილია, ხოლო შიდა ტურიზმი, ფაქტობრივად, გაჩერებულია, რასაც განაპირობებს მოსახლეობის ვირუსით ინფიცირების შიში. მიუხედავად, იმისა, რომ ინდუსტრიის წევრები სრულად იცავენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად დაწესებულ რეკომენდაციებს, რესტორნების, კაფე-ბარებისა და სხვა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მოღვაწე პირების საქმიანობა, რომელთა შემოსავალიც სრულად დაკავშირებულია ტურიზმთან, დღესდღეობით, მთლიანად შეჩერებულია ან დაკეტილია.

არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა საქართველოს მთავრობის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ N 322-ე დადგენილებით მიმოსვლისა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების რეგულაციებმა და 2020 წლის 26 ნოემბერს მთავრობის N699 დადგენილებით შესულმა ცვლილებებმა, რაც გულისხმობს რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად სრულ შეზღუდვას და მხოლოდ მიტანის სერვისზე გადასვლას. აღნიშნული მძიმე მდგომარეობაში აყენებს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რადგან ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისათვის მიტანის სერვისი ფაქტობრივად უშედეგოა და შემოსავლის მომტანი არ არის.

დამატებით, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში დასაქმებულია ათასობით ადამიანი, ისინი გამოიმუშავებენ საარსებო წყაროს, რაც პანდემიის დროს მინიმუმამდეა დაყვანილი. აკრძალულია გადაადგილება, ხოლო თანამშრომელთა გადაადგილების ხარჯებს, როგორც თავად დასაქმებულები, ასევე კომპანიები, რომელთაც შემოსავალი საერთოდ აღარ გააჩნიათ, ვერ უზრუნველყოფენ. ინდუსტრიის წევრები მაქსიმალურად ცდილობენ, შეინარჩუნონ დასაქმებულები და არ ჩააყენონ ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, თუმცა რესურსები, რაც უზრუნველყოფს დასაქმებულთა შენარჩუნებას, რესტორნებისა და კაფე-ბარების შემთხვევაში აღარ არსებობს. გაუმართლებლად მიგვაჩნია რესტორნებისა და კაფე-ბარების ფუნქციონირების ამგვარი უკიდურესად მკაცრი შეზღუდვა იმის ფონზე, რომ არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენად შეიცავს რისკს ამგვარ დაწესებულებებში მომხმარებელთა ვიზიტი.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ვცდილობთ, გაგებით მოვეკიდოთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას კვების დაწესებულებების დაკეტვის შესახებ, გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია, თუმცა არსებული მდგომარეობა ინდუსტრიისთვის კატასტროფულია. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, კვების დაწესებულებების 80% გაკოტრების რეჟიმში გადაინაცვლებს და უმრავლესობა ვეღარ შეძლებს საქმიანობის განახლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ პანდემიის პირობებში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის გადარჩენისა და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით და გთავაზობთ პრობლემების გადაჭრის ერთიან ხედვას, სადაც კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსი მაქსიმალურად იქნება დაცული. კერძოდ:

ხედვა

1. 2020 წლის ნოემბრის თვიდან დაწესებული ორთვიანი შეზღუდვების პერიოდში, სახელმწიფომ უზრუნველჰყოს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანების (რომელთა რიცხვი 300 000-ს აღწევს) დეკლარირებული ხელფასის 50%-ის კომპენსანცია. ასევე, გთავაზობთ, მივმართოთ სხვა ქვეყნების მაგალითს და სტუმარ-მასპინძლობის სფერო უზრუნველჰყოთ ნულპროცენტიანი გრძელვადიანი სესხებით, რათა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა შევძლოთ სრულ მცირე თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდა.

2. მზად ვართ, უმოკლეს ვადაში (მაქსიმუმ 5 დღე), სახელმწიფოსთან ერთად, შევიმუშავოთ დამატებითი რეგულაციები სტუმარ-მასპინძლობის სფეროს სამუშაო პროცესის განახლების მიზნით, ხოლო შემუშავებული რეგულაციების დაცვისა და მისი კონტროლის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მთლიანად აიღებს კერძო სექტორი.

3. ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. საფინანსო ინსტიტუტები უარს აცხადებენ, როგორც რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის, ასევე იქ მომუშავე პირებისთვის სესხების გაცემაზე. Ბანკების ეს ქმედება დამატებით აუარესებს სფეროში მომუშავე პირების მდგომარეობას. Აქედან გამომდინარე, კომპანიები ვეღარ ახერხებენ სესხების აღებასა და მათი კაპიტალის საჭიროებისამებრ ბრუნვას, რაც კიდევ უფრო აფერხებს მათ ეკონომიკურ საქმიანობას. საბანკო სექტორის დამოკიდებულება იგივეა ფიზიკური პირების მიმართ, მოსახლეობის უმრავლესობამ დაკარგა სამსახური, ბევრი კი ამ საშიშროების წინაშე დგას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ არსებული მძიმე მდგომარეობა და სახელმწიფო გახდეს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირების, საფინანსო გარანტი საბანკო სექტორთან.

4. ვინაიდან, სტუმარ-მასპინძლობის სფეროს შემოსავლები ნულამდეა დაყვანილი, რეგულაციების მოხსნის შემდგომ საქმიანობის გაგრძელებისათვის, რომელიც გულისხმობს უკიდურესად გაძვირებული პროდუქტების შეძენას, ხელფასების გაცემას, კომუნალური გადასახადებისა თუ მიღებული ზარალის, დავალიანებებისა და სხვა ხარჯების დაფარვას, საჭირო ხდება სესხის აღება. დამატებით, იმ პირობებში, როდესაც ბანკები იმთავითვე არ განიხილავენ სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენელთა განცხადებებს, მოგმართავთ შუამდგომლობით, გაითვალისწინოთ აღნიშნული და მხარდაჭერა გამოგვიცხადოთ კერძო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების წარმოებაში დაბალპროცენტიანი სესხების პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით. ასევე, სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენელთა სასესხო ვალდებულებების განხილვის/სუბსიდირების შემთხვევაში, ინდივიდუალურად მოხდეს რესტორნებისა თუ კაფეების/ბარების დამფუძნებლების პირადი სასესხო ვალდებულებების განხილვა, რათა, იმ შემთხვევაში, თუ ამ სესხების მიზნობრიობა მიემართება რესტორნებისთვის/კაფეებისთვის/ბარებისთვის დახარჯული თანხებს, აღნიშნული ვალდებულებები მოექცეს ბიზნეს ვალდებულებების დასაფარად აღებულ სასესხო პაკეტში.

5. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების უდიდესი ნაწილი ტურიზმის სფეროს უკავშირდება. ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ქვეყანაში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია უმაღლეს დონეზეა აყვანილი. სტუმარ-მასპინძლობის კომპონენტის არსებობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის, კულტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებისთვის. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე თითოეულ პირს ყოველწლიურად მილიონობით ლარი შეაქვს სახელმწიფოს ბიუჯეტში, რასაც განვიხილავთ, როგორც ჩვენს ვალდებულებას, ვემსახუროთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ამ ვალდებულებას წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ვასრულებდით, თუმცა ამჯერად სახელმწიფოსგან ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა, რათა შემდგომ ისევ შევძლოთ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის შეტანა. უკიდურესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, რომ განიხილოთ საკითხი ერთი წლის განმავლობაში საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, კერძოდ დღგ-ს განაკვეთის შემცირება სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისთვის. ასევე, გამოვთქვამთ მზაობას, ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვები.

6. დასაქმების კუთხით ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებითა და დასაქმებულთა მაქსიმალურად შენარჩუნების მიზნით, მოგმართავთ შუამდგომლობით, კვლავ მოგვეცეს უფლება, ვისარგებლოთ საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების პროგრამით, მინიმუმ ერთი წლის ვადით.

7. შეზღუდული საქმიანობის პირობებში ვერ ვახერხებთ სრული ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას, სფეროში არსებული ხარჯები და მომხმარებელთა ერთმანეთს არ შეესაბამება, შესაბამისად, მოგმართავთ შუამდგომლობით, დაწესდეს საშეღავათო პერიოდი იურიდიული პირებისთვის ყველა სახის კომუნალურ გადასახადზე.

მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული სტრატეგიითა და დადგენილი საშეღავათო ღონისძიებების არსებობის შემთხვევაში, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, მკაცრი რეგულაციების პირობებში და მის შემდგომ პერიოდში, შეძლებს, გადაარჩინოს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობა და შეინარჩუნოს დასაქმებულები, რომელთა უკანაც დგას ოჯახები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ არსებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობა და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს კერძო სექტორს, რათა შედეგი კიდევ უფრო მძიმე არ აღმოჩნდეს ქვეყნისა და მისი მოსახლეობისათვის. გვინდა დადებითად შევაფასოთ სახელმწიფოს მხრიდან დაწყებული სამუშაო პროცესი, რომელიც შეეხება საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას და საფინანსო სექტორთან დაბალპროცენტიანი სესხების გაცემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკების წარმოებას. მოგმართავთ თხოვნით, რომ აღნიშნული წარიმართოს შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში, რათა კერძო სექტორმა აღნიშნული შეღავათებით უმოკლეს ვადებში შეძლოს სარგებლობა. მივესალმებით საკოორდინაციო შეხვედრების ჩანიშვნასა და ერთობლივად აღნიშნული საკითხების განხილვას, რაც გაადვილებს კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის კომუნიკაციას.

ხელმომწერები

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

1. რესტორანი “შავი ლომი”
2. კაფე “ლეილა”
3. კაფე “ლიტერა”
4. რესტონარი “ხაშერია კულინარიუმი”
5. ტაკერია “ტაკოს”
6. რესტორანი “ლისი ლეიქ”
7. კვების დაწესებულებების საგენტო “გასტრონავტი”
8. რესტორანი “ქეთო და კოტე”
9. რესტორანი “ჩვენი”
10. რესტორანი “ქეთის ბისტრო”
11. რესტორანი “ვერის დუქანი”
12. რესტორანი “დაინინგ რუმი”
13. რესტორანი “ზ 10”
14. პიცერია “პაცცა”
15. რესტორანი “სულიკო”
16. რესტორანი “ეკლერ დე ჟენი”
17. რესტორანი “ვერიკო”
18. რესტორანი “ონორე”
19. კაფე “მზიური”
20. საქართველოს კულინარიის ფედერაცია
21. რესტორანი “ბარბარესთან”
22. რესტორანი “ზალა”
23. რესტორანი “თამთაკი”
24. კაფე “კოფელაბი”
25. ღვინის ბარი “ჯივინო”
26. რესტორანი “კახელი”
27. რესტორანი “წისქვილი ჯგუფი”
28. კაფე “კალა”
29. ბარი “ეისიდ ბარი”
30. რესტორანი “სოფია მელნიკოვას ფანტასტიური დუქანი”
31. რესტორანი “პასტორალი”
32. რესტორანი “შუშაბანდი”
33. რესტორანი “სუზი ვონგი”

მასალების გადაბეჭდვის წესი