ნეტგაზეთი | კომერციული აბონენტებისთვის გაზი 24 თეთრით ძვირდება კომერციული აბონენტებისთვის გაზი 24 თეთრით ძვირდება – Netgazeti
RU | GE  

კომერციული აბონენტებისთვის გაზი 24 თეთრით ძვირდება

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 3 იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო აბონენტებს ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთთრით — 86 თეთრიდან 1.1 ლარამდე — გაეზრდებათ. ეს ცვლილება არ შეეხება მხოლოდ პურის საწარმოებს.

აღნიშნული გაძვირება, თავის მხრივ, არ ეხება საყოფაცხოვრებო აბონენტებს. მათთვის ფასს სემეკი ადგენს. მათთვის 1 კუბური მეტრი გაზის ღირებულება 46 თეთრია.

კომპანია ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის გაზმომარაგების პროცესში:

„კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით“.

„თბილისი ენერჯი“ ასევე ამბობს, რომ სხვაობა ფასებს შორის საფრთხეს უქმნის იმ პროექტებსაც, რომელსაც კომპანია დედაქალაქის მასშტაბით კურირებს, მაგალითად, გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას.

„იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 (ერთი ლარი და 10 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0.461374 ლარს შეადგენს და დადგენილია სემეკის მიერ. ასევე, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ტარიფი არ გაუძვირდებათ პურის საწარმოებს“, – ამბობს კომპანია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან