ახალი ამბები

„სოლიდარობა ბათუმის აქციას“ – პარლამენტთან მე-2 დღეა კარავია გაშლილი

1 დეკემბერი, 2020 • 978
„სოლიდარობა ბათუმის აქციას“ – პარლამენტთან მე-2 დღეა კარავია გაშლილი

მეორე დღეა, რაც პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქტივისტებს კარავი აქვთ გაშლილი და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

კარავი აქტივისტების ჯგუფმა 30 ნოემბერს გაშალა თბილისში, პარლამენტის უკანა შესასვლელთან და, როგორც „ნეტგაზეთს“ უთხრეს, პირველი ღამე იქ გაათიეს.

პროტესტი გრძელდება. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კახა კვეკვესკირმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ დემონსტრანტებს სამი მოთხოვნა აქვთ:

  • „გაუქმდეს 31 ოქტომბრის არალეგიტიმური არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები;
  • გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები;
  • ჭკუაზე მოიყვანონ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უაზრო რეგულაციები“.

პარლამენტის ზედა მხარეს გაშლილ კარავზე გაკრულია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები;

იქვე გაკრულია დემონსტრაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი: „დაიცავი არჩევანი“.

აქტივისტის, კახა კვეკვესკირის თანახმად, პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ საპროტესტო აქციებს ბათუმში.

„ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას მანამ, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, – განუცხადა მან „ნეტგაზეთს“.

ერთი თვეა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

ზუსტად 22 დღეა აჭარის მთავრობის სახლის წინ კარავია გაშლილი, ხოლო მიმდებარე ტერიტორია  – პიკეტირებული.

პარლამენტში შესვლის არცერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს, რადგან არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დღეს ოპოზიცია სერთო დეკლარაციას მოაწერს ხელს, სადაც შემდეგი მოთხოვნები იქნება გაერთიენებული:

  • რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა;
  • პოლიტპატიმრების გათავისუფლება;
  • ცესკოს ახალი სისტემით და ახალი შემადგენლობით დანიშვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.