ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს

1 დეკემბერი, 2020 • 1569
იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის, 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემენ.

უწყების განცხადებით, მშობლების ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ.

სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომელიც პირველად იღებს ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას.
სამინისტროს განცხადებით, მათ გადაეცემათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტულ ბრენდებს 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.

უწყების ცნობით, პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას შეძლებენ სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში:

“პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ 15 000-ზე მეტ ახალშობილს გადაეცა; დღეიდან კი, პროექტის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დაბადებული ყველა ახალშობილის დასაჩუქრებას გულისხმობს, ბენეფიციართა რაოდენობა წლიურად 50 000-ს გადააჭარბებს”, – აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროში ამბობენ, რომ პროექტს სისტემატური სახე ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი