ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ყარაბაღში 30 წლის შემდეგ” – აზერბაიჯანელი დევნილი ქალების ამბები

1 დეკემბერი, 2020 • 3732
“ყარაბაღში 30 წლის შემდეგ” – აზერბაიჯანელი დევნილი ქალების ამბები

ავტორი: გუნელ მევლუდი


მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომმა მთლიანად შეცვალა და ცვლის ათასობით ეთნიკური სომეხისა თუ აზერბაიჯანელის ცხოვრებას. ერთი მხარე საკუთარ სახლებს ტოვებს, მეორე კი, თითქმის 30- წლიანი დევნილობის შემდეგ, საკუთარ სახლებში სამუდამოდ დაბრუნებას გეგმავს. 


შოვკეთ შაფიევა, 59 წელი, ჯაბრაილის რაიონი

მე ჯაბრაილიდან ვარ. 1993 წლის ოქტომბერში საკუთარი სახლიდან გამოვიქეცით მე, ქმარი და ჩვენი სამი მცირეწლოვანი შვილი . მაშინ 31 წლის ვიყავი. იმ დროს ორი წლის დაბრუნებული ვიყავით ჯაბრაილში რუსეთიდან, სადაც სამუშაოდ ვიყავით წასული და დაგროვებული ფულით სოფელში სახლის რემონტი დავიწყეთ. ნათესავები გვეუბნებოდნენ, რომ სისულელეს ვაკეთებდით, რადგან ომი იყო, ჩვენ კიდევ სახლს ვაწყობდით. ჩემი ქმარი ამბობდა, სომხებს მხოლოდ მთიანი ყარაბაღი სურთ და ქვედა ნაწილზე არ აქვთ პრეტენზიაო. თურმე ვცდებოდით. 

სახლში რემონტს მოვრჩით და დედაქალაქიდან ავეჯი შევუკვეთეთ, ფარდებიც დავკიდეთ. მალევე სროლა გავიგეთ სოფელში. მოვკიდე ჩემს შვილებს ხელი და არაქსისკენ გავიქეცი. იქ მაშინ ათასობით დევნილი იყო შეკრებილი- ბარგით, საქონლით, მანქანებით. მე მხოლოდ ჩემი შვილები მყავდა თან. ირანმა საზღვარი გახსნა და არაქსი გადავკვეთეთ. სველები და მშივრები ვიყავით. არ ვიცოდით, სად მივდიოდით. ადგილობრივებს წყალი და საკვები მოჰქონდათ ჩვენთან მდინარესთან. ზოგჯერ ღამის გასათევებელსაც გვაძლევდნენ. ერთმა ოჯახმა შეგვიფარა. მეორე დღეს კი გამვლელ მანქანას ბეილაგანში, აზერბაიჯანის ცენტრალურ რაიონში გავყევით. ვიცოდით, რომ იქ ჩვენი ნათესავები ცხოვრობდნენ და მათთან შეგვეძლო წასვლა. 

მთელი წელი ხან ერთ ახლობელთან ვიცხოვრეთ ორი მცირეწლოვანი შვილით, ხან მეორესთან. ზოგჯერ ქმრის ჯარის მეგობრები გვიფარებდნენ. 

ერთი წლის შემდეგ ხელისუფლებამ კარვების ქალაქი გააშენა. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა ტანსაცმელი და პირველდი მოხმარების ნივთები დაგვირიგეს. 

პირველ წლებში ვფიქრობდით, რომ თუ ნორმალურ სახლებს არ გვაძლევენ, ესე იგი მალე დაგვაბრუნებენ საკუთარ სახლებში. მაგრამ გადიოდა წლები და ჩვენ ჯერ კიდევ კარვებში ვცხოვრობდით. იღუპებოდნენ ახალშობილები, მოხუცები, ძლიერი სიცხისგან, სიცივისგან და შიმშილისგან. ასე ვიცხოვრეთ 14 წელი. 

2007 წელს ჩვენი კარვების ქალაქი დაშალეს და ბილიასუვარში ნორმალური სახლები ააშენეს. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ეს ყველაზე სევდიანი მომენტი იყო ჩემთვის – გავიაზრე, რომ საკუთარ სახლში, ჯაბრაილში ვეღარ დავბრუნდებოდით, ყველა იმედი გადაგვეწურა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაშინაც შევცდით. ახლა უკვე ნივთებს ვალაგებ. როგორც გვეტყვიან, რომ დაბრუნება შეიძლება. პირველივე გავიქცევი. 

ჩემმა ძმისშვილმა, რომელიც ჯარისკაცია, რამდენიმე კვირის წინ, საომარი მოქმედებების დროს, ტელეფონით გადაიღო ჩემი სახლი ჯაბრაილში, უფრო სწორად, სახლის ნარჩენები, და ვიდეო გამომიგზავნა. 

მალე 60 წლის გავხდები. მას შემდეგ, რაც ჯაბრაილი დაბრუნდა, თითქოს უფრო გავახალგაზრდავდი და ენერგიაც მომემატა. წავალ და ახალ სახლს ავაშენებ, საქონელი მეყოლება, ბოსტანს და ბაღს მოვაშენებ, ყველაფერს, რაც ომამდე მქონდა. მაგრამ ვერ დავიბრუნებ ახალგაზრდობის წლებს, ვერც ჩემს შვილებს დავუბრუნებ ბავშვობას, რომელიც ამ ომმა წაართვა. ვეღარც ჩემი ქმარი ნახავს მის მშობლიურ მხარეს, ის 5 წლის წინ გარდაიცვალა.  

ჩემმა ქმარმა ახალგაზრდობა შუშაში გაატარა. მისი დაკარგვა ძალიან განიცადა, ტიროდა. ჯაბრაილის დაკარგვაზე არ უტირია. ამბობდა, რომ შუშას შემდეგ უკვე აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. მეუბნებოდა ხშირად, რომ აი, როცა დაგვიბრუნებენ მიწებს, აუცილებლად წაგიყვან შუშაში. როგორ მწყდება გული, რომ ვერ მოესწრო ამ დღეებს, როცა შუშა ისევ ჩვენია. შუშას დაბრუნების დღეს შვილიშვილები წავიყვანე მის საფლავზე და ვუთხარი, რომ დავიბრუნეთ. 

ჩემი სამივე ძმისშვილი ამ ომში იყო, ფრონტის წინა ხაზზე. ყოველ დღე ვლოცულობდი მათი სიცოცხლისთვის და სხვა ჯარისკაცებისთვის. ვერ ვფიქრობდი მაშინ მიწებზე და არც დაბრუნებული მიწებით სიხარული შემეძლო.

დღეს ვხედავთ, რომ სომხები ხდებიან დევნილები. რა გითხრათ? გამომიცდია და ვიცი, როგორი რთულია ეს. ვიცი, როგორი მტკივნეულია, როდესაც შენი აშენებული სახლიდან გყრიან. 


 

ლეილა ჯაჰანგიროვა, დევნილი ხოჯავენდის რაიონიდან

ლეილა ჯაჰანგიროვა, დევნილი ხოჯავენდის რაიონიდან 

38 წლის ვარ, ხოჯავენდიდან, ტუგის ცნობილი სოფლიდან.  ტუგი ყარაბაღში ეთნიკურად ყველაზე შერეული დასახლება იყო. ნახევარი სოფელი სომხები იყვნენ, ნახევარი ჩვენ,  აზერბაიჯანელები. ჩვენთვის ისინი ქრისტიანები იყვნენ, ჩვენ მათთვის –  მუსლიმები. მახსოვს, ომამდე როგორ უპრობლემოდ ვცხოვრობდით. ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებები არასოდეს ყოფილა. 

როდესაც დაიწყო ერევნიდან ბაქოში დევნილების გადასახლების ისტორია და სუმგაითში დარბევები, ეს ჩვენს სოფელზეც აისახა. იქამდე სკოლაში ორი სექტორი არსებობდა – სომხური და აზერბაიჯანული. ამ მოვლენების შემდეგ კი ორივე სექტორი ერთმანეთს უფრთხოდა და გაურბოდა. თუკი იქამდე ჩვენს სოფელში “ვიღაცამ ვიღაცას სცემა”, ამ მოვლენების შემდეგ სოფელში უკვე სხვანაირად აღწერდნენ ამბავს – “სომეხმა ბიჭმა აზერბაიჯანელ ბიჭს სცემა”, ან პირიქით. 

დადგა დღეც, როდესაც გარშემო სოფლები ოკუპირებული აღმოჩნდნენ. ადამიანები ჩვენი სოფლიდან გარბოდნენ. ბებია, დედა და ჩვენ, ბავშვებიც გავიქეცით. დედას და ბებიას ჩემზე უმცროსი და-ძმები ეკავათ ხელში, მე 9 წლის ვიყავი და თავად შემეძლო სირბილი. 

ჩვენ მათ შორის ვიყავით, ვინც ვერაფრის აღება მოასწრო სახლიდან. მამა დარჩა და იმ ადამიანებს ეხმარებოდა, ვისაც გადაადგილება არ შეეძლო დამოუკიდებლად, ისინი გამოჰყავდა სოფლიდან. როგორღაც სახლში შევარდა და საბუთების გამოტანა მოასწრო. ჰყვებოდა იმ მომენტის შესახებ, როგორ ტიროდა, როდესაც სახლიდან გამოქცეულმა ნახა, თუ როგორ წვავდნენ მეზობლის სახლს.

სოფლიდან გამოქცევის შემდეგ ფიზულის რაიონში დავსახლდით, საბავშვო ბაღის შენობაში. ერთი მოუწესრიგებელი ოთახი მოგვცეს. ბებია ჩვენთან იყო. ჩემი მშობლები ექიმები იყვნენ და ორ ცვლაში მუშაობდნენ სხვადასხვა სამუშაოზე, რომ თავი გაგვეტანა. მშობლებს თითქმის ვერ ვხედავდით. პატარებს მე და ბებია ვუვლიდით. 10 წლის ვიყავი, როდესაც მცირეწლოვან ძმებზე  და დებზე ზრუნვა უკვე ჩემი პასუხისმგებლობა იყო. 

საპირფარეშო გარეთ იყო და ასაკოვანი ქალი ხშირად ვერ გადიოდა ეზოში უცხოების თანდასწრებით, რცხვენოდა. მახსოვს, როგორ იტანჯებოდა ამით. ამიტომაც იქიდან გადასვლა მოგვიწია. 

30 წლის განმავლობაში ჩემი ოჯახი მთელ აზერბაიჯანში მომთაბარეობდა. ყველგან გვიცხოვრია – საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ადმინისტრაციულ შენობებში, იქ, სადაც საცხოვრებელი პირობები არ იყო. ერთ ოთახში ვჭამდით, ვბანაობდით და გვეძინა. 

სახელმწიფოსგან ბინა მხოლოდ რამდენიმე წლის წინ ბაქოსთან ახლოს მივიღეთ. 

და-ძმებმა უმაღლესი განათლება მივიღეთ. თუმცა ბავშვობა დავკარგეთ, რომელსაც ვერავინ დაგვიბრუნებს.

როდესაც ყარაბაღის ახალი, მეორე ომი დაიწყო, შიმშილობის დღეებს ვიხსენებდი. დღეებს, როდესაც საბავშვო ბაღებში ვცხოვრობდით, როდესაც როგორც კეთროვანებს, ისე გვიყურებდნენ ადგილობრივები. სიღატაკის დღეებს ვიხსნებდი. ამიტომაც არ მინდოდა ომი. ახალგაზრდა თაობა, რომელსაც არ უნახავს ომი, დევნილობა, ურაპატრიოტივით ფიქრობს და იქცევა. მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონიათ ომის ფასზე. 

დიახ, ახლა დაგვიბრუნეს სოფელი და, რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია, ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს მშობლიურ მხარეს ვნახავთ. ამავე დროს, სომეხი მოსახლეობა მეცოდება. ისინი ახლა ზუსტად იმას განიცდიან, რასაც ჩვენ 30 წლის წინ. დიახ, მათ მისცეს დრო საკუთარი ნივთების გასატანადაც, რისი ფუფუნებაც ჩვენ არ გვქონია, მაგრამ რა პირობებითაც არ უნდა ტოვებდე საკუთარ სახლს, დევნილობა არის დევნილობა და ამას ვერაფრით შეაფერადებ.

ჩვენმა პრეზიდენტმა მშივდობის მესიჯი გაუგზავნა მათ, რომ მშვიდად შეუძლიათ იცხოვრონ საკუთარ სახლებში, მაგრამ იქნებიან კი სომხები ჩვენთან ერთად ცხოვრებაზე თანახმა? მე ასე არ მგონია. 

ამჟამად შინ დაბრუნება გველის. ჩემი ქმარი არ არის დევნილი, თუმცა ვარწმუნებ, რომ საცხოვრებლად გადავიდეთ იქ და ვიმუშაოთ. ჩემ გარშემო ყველა დევნილიც იმავეს ფიქრობს, ყველას უნდა დაბრუნება. 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი