ახალი ამბები

ბათუმში აქციის სამი მონაწილე დააკავეს

1 დეკემბერი, 2020 •
ბათუმში აქციის სამი მონაწილე დააკავეს

დღეს, პირველ დეკემბერს, ბათუმში, მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის სამი მონაწილე დააკავეს, რომლებიც ჰელიუმის ბუშტების გაშვებას ცდილობდნენ, როცა დაპირსპირება დაიწყო.

დღეს საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობასთან სამი პირი დააკავეს. აქტივისტებმა მთავრობის სახლთან ჰელიუმის ბუშტები მიიტანეს და მის გაშვებას ცდილობდნენ, როცა დაპირისპირება დაიწყო:

“კითხვა დაუსვა ახალგაზრდამ პოლიციელს, მაქვს თუ არა ბუშტის გაშვების უფლებაო. ამან გააღიზიანა პოლიციელი, ნუ მელაპარაკები, ნუ შემოდიხარ კონფლიქტშიო. პოლიციელმა ჰელიუმის ბუშტი ცხვირწინ გაუხეთქა და შემდეგ დააკავა,“ – ჰყვება ოპოზიციონერი დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ. აჭარის პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილი კი აქციის მონაწილეების დაკავებას ჰელიუმის ბუშტების გაშვებას არ უკავშირებს.

ამასთან, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. როგორ ანა კონცელიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მას პოლიციელებმა ჩაარტყეს თავში. იგი აქციიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა.

გუშინ, 30 ნოემბერს, გამართული აქციის დროს, სწორედ ბუშტების გაშვების გამო დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.  ჰელიუმის ბუშტებზე იყო წარწერა, რომლითაც აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ხალხთან გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.  სასამართლომ ბუშტების გაშვებისთვის აქციის მონაწილე 500 ლარით დააჯარიმა.

დღეს, პირველ დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მთავრობის სხდომის გახსნა საპროტესტო საყვირების ფონზე მოუწია.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ აქციის მონაწილეებს „ბანდა“ უწოდა და მოუწოდა, რომ „უკადრებელს ნუ იკადრებენ“.

„ალბათ, არ ღირდა ამ საკითხით შეწუხება, თუმცა, ვინაიდან გუშინ ერთი რიგითი, წესიერი ბათუმელი შეწუხდა ეგრეთ წოდებული მარგინალების ზღვარგადასული ეგრეთ წოდებული პროტესტით, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ 20-კაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მედია.

ამ კუთხის შვილები ხართ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე ისე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდევ ოჯახში შეშვება. რაღა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ნუ მოიქცევით ისე, რომ მშობლები შვილებს ეუბნებოდნენ, ასეთები არ გაიზარდოთო“ ,- თქვა რიჟვაძემ.

აქციები აჭარის მთავრობის სახლთან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. ოპოზიციური პარტიები და საინიციატივო ჯგუფები აპროტესტებენ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა.

25 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და 500-500 ლარით დააჯარიმა საპროტესტო აქციის მონაწილეები. საუბარია 21 ნოემბერს ბათუმის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე, სადაც 5 პირი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით.

მოსამართლე როინ კახიძემ შენიშვნა მისცა მოქალაქეებს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, ხოლო შეძახილები- „ფულის მონები“, „მონებო“, „სირცხვილია“ და ასე შემდეგ- სასამართლომ წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ „მონების“ დაძახებისთვის ჯარიმა არის გამოხატვის თავისუფლების შეფასების ძალიან დაბალი სტანდარტი და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი