ნეტგაზეთი | არასრულწლოვანი შვილების ექსპლუატაციაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა – პროკურატურა არასრულწლოვანი შვილების ექსპლუატაციაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა – პროკურატურა – Netgazeti
RU | GE  

არასრულწლოვანი შვილების ექსპლუატაციაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, პატიმრობა შეეფარდა პირს, რომელსაც ბრალად ედება ორი არასრულწლოვანი შვილის შრომით ექსპლუატაცია.

უწყების განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ე-მ სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა და ექსპლუატაციის მიზნით 2019 წლიდან აიძულა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები, ლ.ე. და ლ.ე., რომლებსაც ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, მოწყალების მიღების თხოვნით, 2020 წლის ნოემბრამდე უწევდა შრომით ექსპლუატაციას.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ არასრულწლოვნების მიერ მოწყალების თხოვნის შედეგად და წვრილმანი ნივთების გაყიდვით შეგროვებულ თანხებს ვ.ე. ისაკუთრებდა:

“ვ.ე. არასრულწლოვან შვილებს, ლ.ე-ს და ლ.ე-ს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობითა და მუქარით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბნებსა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში მოეთხოვათ და შეეგროვებინათ მოწყალება. ვ.ე.-მ თავის არასრულწლოვან შვილებს სავალდებულოდ დაუწესა მისთვის 20 ლარის ყოველდღე მიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. არასრულწლოვნების მიერ მიტანილ თანხას კი ვ.ე. თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა”, – აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ვ.ე-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“,“გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.