ნეტგაზეთი | ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია [LIVE] ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია [LIVE] – Netgazeti
RU | GE  

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია [LIVE]

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, დაპირისპირება იყო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის.

დაპირისპირება მოჰყვა მოძრაობა “იმოქმედეს” წევრების მიერ ჰელიუმის ბუშტების გაშვებას, რომელზეც დამაგრებული იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძისადმი გზავნილი: “გამოდი და შეხვდი ხალხს”.

“ბათუმელების” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მინიმუმ აქციის ორი მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეები პოლიციის მანქანის წინ დასხდნენ და ცდილობენ, სამართალდამცველებს დაკავებულები არ გაატანონ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

ერთი თვეა აჭარის მთავრობის სახლთან პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ზუსტად 22 დღეა აჭარის მთავრობის სახლის წინ კარავია გაშლილი, ხოლო მიმდებარე ტერიტორია  – პიკეტირებული.

დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლის ყველა შესასვლელის პიკეტირებას გეგმავდნენ. თუმცა პიკეტირება არ შედგა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვა.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა ციხისძირში მცხოვრებთა პრობლემებზე სასაუბროდ უნდოდა. შეხვედრის თაობაზე შეთანხმება მთავრობის თავმჯდომარის დაცვის  უფროსის მეშვეობით სცადა. თუმცა თორნიკე რიჟვაძემ ელგუჯა ბაგრატიონს შეუთვალა, რომ დაკავებული იყო და მასთან შეხვედრას ვერ მოახერხებდა.

შეხვედრაზე უარის მიღების შემდეგ აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტის ფანჯრებთან გადაინაცვლეს და აქცია განაგრძეს ტრადიციული შეძახილით – “მონა, მონა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.