ახალი ამბები

აბაშიძე-კარასინის შეხვედრისას 2019 წლის ივნისის მოვლენები არ განხილულა – საგარეო

28 ნოემბერი, 2020 • 1172
აბაშიძე-კარასინის შეხვედრისას 2019 წლის ივნისის მოვლენები არ განხილულა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს რუსეთის ცნობებს, რომელთა თანახმადაც კარასინი-აბაშიძის შეხვედრისას 2019 წლის ივნისის მოვლენები განიხილეს.

უწყების თქმით, მოსკოვის განცხადება შესაძლოა, ასახავს რუსეთის მხარის მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ ასახავს შემდგარი შეხვედრის შინაარსს და საუბრის თემატიკას”.

“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბრისას არ განხილულა „კოვიდ 19“ ვაქცინის საკითხი, ისევე როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები და მით უმეტეს არ „დადასტურებულა ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორმატის პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისათვის გამოყენებას”, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

თბილისი მოუწოდებს რუსულ მხარეს, “თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ამისათვის განკუთვნილ ადგილზე – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც ქართული მხარისაგან მიიღებს შესაფერის პასუხს”.


მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრს, გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში, 27 ნოემბერს გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ, მალევე გაავრცელა განცხადება რუსულმა მხარემ, რომელშიც აღნიშნა, რომ კარასინი-აბაშიძის საუბარი 2019 წლის ივნისში სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდგომ მოვლენებსაც შეეხო.

რუსეთის საგარეო უწყება ამ პროტესტს “ანტირუსულ პროვოკაციას” უწოდებს და ამბობს, რომ შეხვედრაზე “დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად”.

თავად ზურა აბაშიძემ “ტვ იმედთან” საუბრისას აღნიშული ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, “არანაირი “გავრილოვის ღამე” იქ განხილული არ ყოფილა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი