ახალი ამბები

თურქეთმა საქართველოს ექსკავატორ-დამტვირთავები და ავტობუსები გადასცა

27 ნოემბერი, 2020 • 2133
თურქეთმა საქართველოს ექსკავატორ-დამტვირთავები და ავტობუსები გადასცა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნილი ექსკავატორ-დამტვირთავი და 35 ავტობუსი შეემატა. სახელმწიფომ ტექნიკა თურქეთისგან შეისყიდა, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

ახლად შეძენილი ტექნიკა მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოიფინა. აქვე გაიმართა ტექნიკის გადაცემის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საქართველოში თურქეთის  ელჩი მონაწილეობდნენ.

“ექსკავატორ-დამტვირთავები სხვადასხვა დამატებითი კონფიგურაციით არის აღჭურვილი, რაც მათ მრავალფუნქციურობას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრომ დამატებით შეჯავშნილი კაბინებიც მიიღო.

Neocity-ის ტიპის 8.5- მეტრიანი მოდელის ავტობუსები კი ჯარის სატრანსპორტო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალებმა, “საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების” ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015-2017 წლებში გამოყოფილი თანხით უმსხვილესი თურქული კომპანიების – Hidromek-ისა და BMC-სგან შეიძინა”, – აღნიშნავს თავდაცვის სამინისტრო.

უწყების თანახმად, ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი