ახალი ამბები

ბაგა-ბაღის დირექტორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

27 ნოემბერი, 2020 • 1266
ბაგა-ბაღის დირექტორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის, თბილისის ერთ-ერთი ბაღის დირექტორიც. ამის შესახებ ინფორმაციას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით,  გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის პირველ სექტემბერს ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორმა, ბაგა-ბაღის მოსაწყობად, მოქალაქესთან 170 400 ლარის ღირებულების 12- თვიანი იჯარის ხელშეკრულება გააფორმა. მათივე ცნობით, ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ, საწყის ეტაპზე ერთჯერადად 28 000 ლარის, ხოლო ყოველთვიურად 2 400 ლარის გადახდა მოითხოვა.

“დანაშაულებრივი გზით მოთხოვნილი თანხისთვის კანონიერი სახის მისაცემად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მეიჯარეს გააფორმებინეს ფიქტიური სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა დანაშაულებრივი გზით გადასაცემი თანხის კანონიერება. 2020 წლის 26 ნოემბერს მეიჯარემ მოქალაქეს გადასცა თანხის ნაწილი 16 400 ლარი, რის შემდგომაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს”, — აცხადებს სუსი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი