ახალი ამბები

მარნეულის წყალმომარაგებაზე მომუშავე ადამიანებმა ხელფასების მოთხოვნით აქცია გამართეს

27 ნოემბერი, 2020 • 803
მარნეულის წყალმომარაგებაზე მომუშავე ადამიანებმა ხელფასების მოთხოვნით აქცია გამართეს

დღეს, 27 ნოემბერს, მარნეულის მერიასთან მარნეულის წყალმომარაგებაზე მომუშავე ადამიანებმა ხელფასების მოთხოვნით აქცია გამართეს.

როგორც მარნეულის რადიოსთან აქციის მონაწილე მუშები ამბობენ, მათ კუთვნილი ხელფასები ორი თვეა არ მიუღიათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ეს ადამიანები არიან მათი კონტრაქტორის ქვეკონტრაქტორის, აზერბაიჯანული კომპანია Akelik Group- ის მიერ დაქირავებული თანამშრომლები.

მათივე თქმით, ქვეკონტრაქტორს წყალმომარაგების კომპანიისგან დავალიანება არ აქვს და კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები ანაზღაურებულია.

“ეს ადამიანები ჩვენი თანამშრომლები არ არიან. კონტრაქტორის დაქირავებული კიდევ ქვეკონტრაქტორის თანამშრომლები არიან. ჩვენგან კონტრაქტორს დავალიანება არ აქვს, გადარიცხულია”, — აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

აქციის მონაწილეებს შეხვდა მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე. მისი ინფორმაციით, Akelik Group-მა განაცხადა, რომ მუშებს კუთვნილ ხელფასს უახლოეს დღეებში ჩაურიცხავენ.

ლობჯანიძის თქმით, აღნიშნულ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანენ და მასში “ქართული ოცნების” წევრ ზაურ დარგალსაც ჩართავენ.

“დღეს დილით მოქალაქეების ნაწილი, რომელიც დასაქმებულია კომპანია Akelik-ში, რომელიც მარნეულში წყალმომარაგების დიდ პროექტს აკეთებს, ითხოვდნენ თავიათნ კუთვნილ ხელფასს.

გამომდინარე იქიდან, რომ მერია კონტრაქტორი არაა ამ შემთხვევაში და ამ Akelik-ის პირდაპირ მერიასთან არ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, ჩვენ დავუკავშირდით ამ კომპანიას, გავარკვიეთ ეს საკითხი და ამბობენ, რომ ძალიან მალე მოხდება ამ ხელფასების გადახდა და ანაზღაურება. პირდაპირი კონტრაქტორია გაერთიანებული წყალმომარააგების კომპანია და მათთანაც გვექნება ჩვენ კონტაქტი, რომ არ მოხდეს ამ ადამიანების უფლებების დარღვევა და ხელფასი დროულად აიღონ”, — განუცხადა რადიო მარნეულის რადიოს ლაშა ლობჯანიძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი