ახალი ამბები

როგორი შეზღუდვებით ხვდებიან ევროპული ქვეყნები შობას კოვიდის პირობებში

26 ნოემბერი, 2020 •
როგორი შეზღუდვებით ხვდებიან ევროპული ქვეყნები შობას კოვიდის პირობებში

ევროპულმა ქვეყნების ნაწილმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მიიღო ახალი შეზღუდვები, რათა შეემცირებინათ ახალი კორონავირუსის გავრცელება და ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობა. შობის დღესასწაულის დადგომასთან ერთად ქვეყნების ნაწილმა გადაწყვიტა, შეზღუდვები შეემსუბუქებინათ, ზოგმა კი პირიქით – ისევ გაამკაცრა. ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.

იტალია 

გამოცემის ცნობით, იტალიაში საშობაოდ ზამთრის კურორტები მუშაობას ვერ შეძლებენ. იტალიის პრემირ-მინისტრი ჯუზეპე კონტე სხვა ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ მათაც არ გახსნან ზამთრის კურორტები.

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის საერთო ევროპული პრობლემა. თუ იტალია გადაწყვეტს, რომ დახუროს ყველა ზამთრის კურორტი, საფრანგეთის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე, მაშინ იტალიელი ტურისტები უცხოეთში წავლენ, იქიდან კი ვირუსს ჩამოიტანენ სახლში”, – განაცხადა კონტემ.

BBC-ის ცნობით, საფრანგეთის ზამთრის კურორტებიც ასევე დახურული იქნება. კურორტების დროებით დახურვას ემხრობა ბავარიის მთავრობაც, თუმცა ავსტრია არ გამორიცხავს კურორტების შემდეგ თვეში გახსნას, ხოლო შვეიცარიის ზამთრის კურორტები უკვე მასპინძლობენ სტუმრებს.

ბევრი იტალიური რეგიონი ნახევრად “ლოქდაუნის” პირობებში იმყოფება. ამ რეგიონებს შორის გადაადგილება აკრძალულია. გამოცემის ცნობით, აღნიშნული შეზღუდვები 3 დეკემბრამდე გაგრძელდება.

საფრანგეთი

ქვეყნის მასშტაბით სრული “ლოქდაუნის” შემდეგ, პრეზიდენტმა ემანულ მაკრონმა განაცხადა, რომ შეზღუდვები გამარტივებას დაიწყებს 28 ნოემბრის შემდეგ, თუმცა ამ შეზღუდვების უმეტესობა,კვლავ შენარჩუნდება საშობაო არდადეგებამდე – 15 დეკემბრამდე.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთში მაღაზიები, თეატრები და კინოთეატრები გაიხსნება საშობაო დღეებში და ხალხს შეეძლება ამ დაწესებულებებით ისარგებლონ. “ჩვენ შევძლებთ გადავაადგილდეთ ნებართვების გარეშე, მათ შორის რეგიონებს შორისაც”, – განაცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა.

საფრანგეთი ოქტომბრის ბოლოდან სრულ ლოქდაუნში იმყოფებოდა. 15 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 7 საათამდე გრძელდება. კომენდანტის საათი არ გავრცელდება შობის ღამის განმავლობაში.

საფრანგეთში სკოლები და რესტორნები, სავარაუდოდ, არ გაიხსნება მომავალი წლის 20 იანვრამდე, რაც დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დღიურ მაჩვენებლებზე. ასევე დაკეტილი იქნება ღამის კლუბებიც.

რელიგიური მომსახურებები [ჯვრი წერა, ნათლობა, დაკრძალვა] 28 ნოემბრის შემდეგ დასაშვები გახდება 30-ინდივიდიანი ლიმიტით.

გერმანია 

BBC-ის მიხედვით, პირველი დეკემბრიდან ერთმანეთთან შეხვედრას შეძლებს არაუმეტეს ორი ოჯახი და/ან 5 ადამიანი. ამ შემთხვევაში, 14 წლამდე ბავშვები შემხვედრ პირებს შორის არ ითვლებიან. თუმცა 23 დეკემბრიდან პირველ იანვრამდე დროებით შესაძლებელი იქნება 10-მდე ადამიანის შეხვედრაც.

გერმანიაში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები დაკეტილია, თუმცა სკოლები და მაღაზიები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შეზღუდვები კვლავ გაგრძელდება სადღესასწაულო დღეების შემდეგაც.

საახალწლო ბაზრობების უმეტესობა უკვე გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი მნიშვნელობის ბაზრობა კვლავ იფუნქციონირებს, თუმცა, გაცილებით მცირე მასშტაბებით.

ესპანეთი

როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, ესპანეთის მთავრობა გეგმავს სადღესასწაულო პერიოდში მხოლოდ 6 ადამიანისგან შემდგარი შეკრებების დაშვებას. ამასთან ერთად, რეკომენდაციას გასცემს, რომ შეკრებები გაიმართოს რესტორნების ტერასებზე ან სხვა ღია სივრცეებში.

5 იანვარს ესპანელები მსვლელობით აღნიშნავენ სამი მეფის დღესასწაულს, მთავრობა ამ შემთხვევაშიც რეკომენდაციით მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ეს დღე მსვლელობით არ აღინიშნოს.

BBC-ის ცნობით, კატალონიის მთავრობა იმედოვნებს, რომ საშობაო ღამეს შესაძლებელი იქნება 10 ადამიანამდე შეკრების დაშვება. ამავდროულად, მადრიდის ოფიციალური პირები სთხოვენ ცენტრალურ მთავრობას, რომ შობის წინა პერიოდში ჩატარდეს მასობრივი ტესტირება, რათა მოქალაქეებმა თავისუფლად და უსაფრთხოდ შეძლონ სადღესასწაულო პერიოდში ერთმანეთთან შეხვედრა.

ავსტრია

ავსტრია 7 დეკემბრამდე მეორე საყოველთაო “ლოქდაუნში” იმყოფება,  თუმცა, BBC-ის ცნობით, არსებობს იმედი, რომ შეზღუდვები შეიძლება გამარტივდეს საშობაო დღეების განმავლობაში.

“შემდეგი ორი კვირა არის კრიტიკული, თუმცა “ლოქდაუნი’ არ უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა რუდოლფ ანშობერმა.

გამოცემის ცნობით, ავსტრიის მთავრობამ შეიძინა 7 მილიონი ანტიგენის ტესტი და იმედოვნებს, რომ მასობრივი ტესტირების პროგრამა შესაძლებელს გახდის ახალი შეზღუდვების თავიდან აცილებას.

ასობით ათასი მასწავლებელი და პოლიციის ოფიცერი შემოწმდება დეკემბრის პირველ რიცხვებში, ასევე, ის ადამიანებიც, რომლებიც მაღალი ინფიცირების ზონაში ცხოვრობენ. მოხალისეობრივი მასობრივი ტესტირება ჩატარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი კვირით ადრე შობამდე.

“რამდენიმე წუთს ტესტირებისთვის შეუძლია თავიდან აგვარიდოს ახალი ლოქდაუნი მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – განაცხადა ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან კურცმა.

მოსალოდნელია, რომ სკოლები და მაღაზიები გაიხსნება 7 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც დასრულდება “ლოქდაუნი”, თუმცა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება მოქალაქეების შეკრების საკითხი. ასევე, კურცის განცხადებით, ავსტრია მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას, თუ როდის გახსნის ზამთრის კურორტებს.


ევროპული ქვეყნების ნაწილში მეორე “ლოქდაუნი” ან ფართომასშტაბიანი შეზღუდვები დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, რაც გამოწვეული იყო კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის დაწყებითა და გარდაცვლილთა რიცხვის ზრდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი