ახალი ამბები

ჟვანიას თანამდებობა ვერ გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი — კობახიძე

25 ნოემბერი, 2020 • 669
ჟვანიას თანამდებობა ვერ გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი — კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი  მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომაზე ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ მოხდება. ასე უპასუხა მან “პალიტრანიუსის” ეთერში ჟურნალისტის კითხვას, შეეწირება თუ არა თამარ ჟვანია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას.

კობახიძის თქმით, ჟვანია არაპოლიტიკური თანამდებობის პირია და პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერ გახდება.

“თამარ ჟვანია არის ცესკოს თავმჯდომარე, ის არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. არაპოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობა ვერ გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი, მაგრამ რაც შეეხება საარჩევნო კუთხით რეფორმას, რაც მათ შორის  შეიძლება საარჩევნო ადმინისტრაციას უკავშირდებოდეს, ამაზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია საუბარი და შეთანხმების მიღწევაც”, — განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძე ამბობს, “ქართული ოცნებისთვის” ერთადერთი წითელი ხაზი რიგგარეშე არჩევნებია და ამ წითელი ხახის გათვალისწინებით, ფიქრობს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება არის მიღწევადი.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციის წევრები ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და ბარიერგადალახულმა პარტიებმა მანდატებზე უარი თქვეს, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები ორი რაუნდი გაიმართა. დაგეგმილია მესამე რაუნდის გამართვაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი