ახალი ამბები

მთავრობა ახალი შეზღუდვების გამოცხადებას ხვალ აპირებს

25 ნოემბერი, 2020 • 1849
მთავრობა ახალი შეზღუდვების გამოცხადებას ხვალ აპირებს

კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ საზოგადოებისთვის ხვალ, 26 ნოემბერს, გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 25 ნოემბერს, გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და განვითარების საკითხზე იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობა ინტენსიურად მიმდინარეობს ბიზნესსექტორის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით.

მთავრობის განმარტებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრება ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ კლებას არ გამოიწვევს, თუმცა ვირუსის გავრცელების შეზღუდვას და ვითარების სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს.

ტიკარაძის თქმით, მთავრობას შეზღუდვების დაწესების ორი ვერსია აქვს, რომელზეც კონკრეტულად ხვალ განაცხადებენ. როგორც ტიკარაძე განმარტავს, შეზღუდვების მიზანი არა პიკის დალოდება, არამედ მისი დროული შემცირებაა, რათა სამედიცინო სექტორს ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცეს.

“ჩვენ ამის [შეზღუდვების] შემდეგ ველოდებით ინფიცირებულების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს იქნება ეტაპობრივი, დავაკვირდებით კლების პროცენტს, როგორი იქნება შედეგი. გარკვეული შეფასების შემდეგ,  ორკვირიანი პერიოდის შემდეგ, ჩვენ შეიძლება შემოვიღოთ მეტად გამკაცრებული სქემა, ან პირიქით, შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა”, — განაცხადა ტიკარაძემ.

კონკრეტულად რა ვადით განისაზღვრება შეზღუდვების დაწესება, უცნობია, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ  მოქალაქეებმა ახალი წლის თავისუფლად აღნიშვნა შეძლონ. მისი თქმით, მთავრობა ითვალისწინებს მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როცა ყველა ახალ წელსა და შობას ელოდება.

“ასევე, რა თქმა უნდა, ბიზნესის აქტიურ ფაზას ვითვალისწინებთ, რომელიც არის დეკემბერში. ჩვენ მიზანი არ არის, იმგვარი და იმ ვადით შეზღუდვები მოხდეს, რომ ყველა ეს კომპონენტი ზარალში მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით პროცესს იმ პერიოდის შემდეგ, რაც შეზღუდვებს დავაწესებთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ, თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი”, — განაცხადა ეკეტარინე ტიკარაძემ.

შეზღუდვების გამკაცრებაზე ისაუბრა დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც. როგორც ის ამბობს, ახალი გადაწყვეტილებები ბევრად გამკაცრებული და გაფართოებული იქნება. გამყრელიძის თქმით, დამატებითი შეზღუდვების მიზანია, რომ დღეს არსებული ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა არ მოხდეს და 3 კვირის შემდეგ 5 და 6 ათასი დღიური შემთხვევა არ იყოს.

გამყრელიძე ადასტურებს, რომ მიდის მსჯელობა  დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდვასთან დაკავშირებითაც.

“რა თქმა უნდა, ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ – მივყვებით ამ მიმართულებებს. ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები და ვფიქრობ, რომ ხვალ უნდა გამოცხადდეს ამის შესახებ”, — განაცხადა გამყრელიძემ

მასალების გადაბეჭდვის წესი