ახალი ამბები

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს

25 ნოემბერი, 2020 • 929
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრება.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს პირველი ინდივიდუალური შეხვედრა “ლეიობორისტული პარტიის” ლიდერთან, შალვა ნათელაშვილთან გაიმართა.

შეხვედრიდან გამოსულ ნათელაშვილს შეხვედრის დეტალების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და კვლავ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მისი თქმით, მოკავშირეებს მხარეებისთვის შეუძლიათ მხოლოდ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოწოდება.

“არ შეიძლება, მოკავშირეებმა დაიკავონ სხვა პოზიცია გარდა იმისა, რომ მოგვიწოდონ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, აბა, სხვანაირად პარტნიორები შუამავლები აღარ გამოვლენ. ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ევროპაში მოხდა არაერთი რევოლუცია, სამოქალაქო ომი და დაპირისპირება იმისთვის, რომ ამ კონტინენტს მიეღო სამართლიანი, დემოკრატიული წყობილება და ისეთი არჩევნები, რომელსაც იმსახურებდა, ამას მიაღწიეს. ამ გზაზე დღეს ჩვენ ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი მოკავშირეების შინაგანი სიმპათიები ჩვენს მხარეს უნდა იყოს”, — განაცხადა ნათელაშვილმა.

“ლეიობორისტების ლიდერის” შემდეგ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა. შეხვედრის შემდეგ დეტალების შესახებ არც ინაშვილს უსაუბრია.

მისი თქმით, არა მხოლოდ პოზიციის დაფიქსირება, არამედ  8 მარტის ტიპის შეთანხმება და მემორანდუმი უნდა შედგეს, სადაც ახალი არჩევნების დანიშვნის ძალიან მყარი გარანტიები იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინაშვილის თქმით, პარლამენტში არ შევა.

“სივრცე ყოველთვის არის, იმიტომ არის ეს დიალოგი, რომ სივრცე არის დარჩენილი. შემიძლია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსირო ჩვენი პარტიის პოზიცია, რომ ჩვენ ვითხოვთ დაინიშნოს ახალი არჩევნები. ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ცესკო-ში, ეს ყველაფერი მიბმულია უკვე იმ საკითხთან, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, ამაში არის გამოსავალი. წითელი ხაზები უნდა წაიშალოს. დისკუსიის და დიალოგის შედეგი ზუსტად ის არის, რომ წაიშალოს წითელი ხაზები და მივიდეთ შეთანხმებამდე, ჩემთვის შეთანხმება და შედეგი იქნება, როცა შევთანხმდებით ახალი არჩევნების დანიშვნაზე”, — განაცხადა ინაშვილმა.

19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის ლიდერები ფასილიტატორებს — აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს — ინდივიდუალურად შეხვდებიან.

ოპოზიციის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები 20 ნოემბერს გაიმართა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და ბარიერგადალახულმა პარტიებმა მანდატებზე უარი თქვეს, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები ორი რაუნდი გაიმართა. დაგეგმილია მესამე რაუნდის გამართვაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი