ახალი ამბები

ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება – კალაძე

25 ნოემბერი, 2020 • 1188
ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება – კალაძე

ზონალურ-საათობრივი პარკირება თბილისში, საბურთალოს რაონში, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუმცა პარკირების ამოქმედების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

“ეს პროცესი საბურთალოს რაიონში, კონკრეტულად ამ გამზირებზე, დაიწყება მას შემდეგ, რაც მუნიციპალური პავილიონები ვაკის რაიონში მოიხსნება. დამატებით ინფორმაციას მომდევნო მთავრობის სხდომაზე მოგაწვდით და გეტყვით ზუსტ თარიღებს, თუ როდიდან ამოქმედდება პარკირების ეს სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებსა და მიმდინარე ქუჩებზე. მოსახლეობას ექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ როდიდან ექნება რეგისტრაციის საშუალება”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ვაჟა-ფშაველას და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესები იგივე იქნება, როგორც სხვა მსგავსი პარკირების ზონებში: პარკირების მსურველისთვის პირველი 15 წუთი უფასოა, შემდეგ კი ერთი საათის ღირებულება ერთი ლარია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც დაარეგისტრირებს საკუთარ ავტომობილს, პარკირება უფასო იქნება. ასევე უფასო იქნება პარკირება შშმ პირებისთის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და ელექტრომობილებისთის.

ასევე, კალაძის თქმით, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე მუნიციპალური პავილიონები განთავსდება.

თბილისში ზონალური პარკირება მოქმედებს კოტე აფხაზის ქუჩაზე, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, ვაკეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი