ნეტგაზეთი | ქსკ ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგაზე შვედურ “როზენგორს” დაუპირისპირდება ქსკ ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგაზე შვედურ “როზენგორს” დაუპირისპირდება – Netgazeti
RU | GE  

ქსკ ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგაზე შვედურ “როზენგორს” დაუპირისპირდება

ქსკ “ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედ ფინალში შვედურ კლუბს, “როზენგორს” დაუპირისპირდება. წილისყრა, რომელიც გათამაშების საუკეთესო 32 გუნდს შორის ჩატარდა, დღეს, 24 ნოემბერს გაიმართა.

ქართველი ქალი ფეხბურთელები შვედ მეტოქესთან ორ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც მერვედფინალში მოასპარეზე გუნდის ვინაობა გაირკვევა.

“როზენგორი” შვედეთის ქალაქ მალმიოში ბაზირებული გუნდია და 50-წლიანი ისტორია აქვს. ქალთა საფეხბურთო კლუბს 11- ჯერ აქვს მოგებული შვედეთის ეროვნული ჩემპიონატი ქალთა ფეხბურთში, მათ შორის, ბოლოს- 2019 წელს. 5-ჯერ კი შვედეთის თასის და 4-ჯერ სუპერთასის მფლობელი გახდა.

კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 2003-2004 წლის სეზონზე მოხვდა. 2011-2012 წლიდან კი ტურნირში სტაბილურად ასპარეზობს.

“როზენგორი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბოლოს 2016-2017 წლის სეზონზე გავიდა და ტურნირს “ბარსელონასთან” მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

რაც შეეხება “ლანჩხუთს”, ქალ ფეხბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის “კლუჟი” სტუმრად დაამარცხა 1-0 და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

პირველი შეხვედრა ქართულ და შვედურ კლუბებს შორის 9 დეკემბერს საქართველოში გაიმართება.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გნაუცხადეს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რომელი სტადიონი უმასპინძლებს მატჩს და აღნიშნული ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.