ახალი ამბები

კომპანია “დელისიას” თანამშრომლებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს

24 ნოემბერი, 2020 • 972
კომპანია “დელისიას” თანამშრომლებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს

კომპანია “ქართული სახლის”, იგივე “დელისიას” ყოფილმა და გაფიცულმა თანამშრომლებმა და აქტივისტებმა 12 ნოემბერს სამსახურიდან გათავისუფლებულთა აღდგენის, დაკისრებული ჯარიმის სახით ჩამოჭრილი თანხის დაბრუნებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, თბილისში სავაჭრო ცენტრ კარფურის საბურთალოს ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა ნეტგაზეთთან განმარტეს, კომპანია არ აპირებს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თემაზე სასამართლოში უკვე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა, აქციის მონაწილეები აპირებენ აქციების გაგრძელებას, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს აღნიშნული საქმის შესახებ.

“ვაპროტესტებთ დამსაქმებლის მიერ თანამშრომლების უკანონო განთავისუფლებას, ასევე, ე.წ. ჯარიმების დარიცხვას, რომელიც ასევე უსამართლოდ მოხდა, რადგან თანამშრომლებმა გააპროტესტეს ხელფასების დაგვიანება. ჩვენ ვითხოვთ თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, ჩვენი ხელფასების 49%-ის დაბრუნებას, რომელიც ჩამოგვაჭრეს, და ღირსეულ შრომის პირობებს.

მუშაობის დროს კომპანია არ უზრუნველყოფდა ვირუსისგან დამცავ საშუალებებს, როგორიცაა პირბადე, ხელთათმანები და სხვა, ასევე ჩვენ გვიწევდა მუშაობა ხორცის საჭრელთან [ე.წ. სლაისერი], თუმცა არ გვქონდა სამუშაო დაზღვევა”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბრისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე სოფო ტყეშელაშვილი.

საპროტესტო აქცია კომპანია “ქართული სახლის/დელისიას” წინააღმდეგ/ფოტო: Netgazeti.ge

კომპანია “ქართული სახლის” თანამშრომლების პროტესტს პირველივე დღიდან მხარს უჭერს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთ-ერთი წევრი გიგა ბექაურიც, რომლის განცხადებითაც, აქციები გრძელდება, რადგან მშრომელებმა ვერ მიიღეს პასუხები საკუთარ მოთხოვნებზე.

“ჩვენი ბრძოლა გრძელდება იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ადეკვატური პასუხი კომპანიისაგან იმ უსამართლობაზე, რაც მათ ჩაიდინეს დასაქმებულების წინაშე. ეს არის 49%-იანი დანაკლისი და 4 ადამიანის უკანონოდ დათხოვნა. სასამართლოში ვარგრძელებთ დავასაც, თუმცა ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ დასაქმებულების უფლებები არ იქნება დაცული”, – ამბობს გიგა ბექაური.

ბექაური პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც მოუწოდებს, რომ დაინტერესდეს აღნიშნული საქმით.

“მოვითხოვ პრემიერისგან, რომელმაც განცხადება გააკეთა, რომ პანდემიის პირობებში არ მოხდებოდა მშრომელთა ინტერესების დარღვევა, ჩაერიოს ამ პროცესში და შეასრულოს მის მიერ დადებული პირობა”, – განაცხადა გიგა ბექაურმა.

კომპანიის თანამშრომლების ნაწილის თქმით, მათ მოიპოვეს გაფიცვის უფლება და ახლა სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში არიან გაფიცული. ისინი მომავალშიც აპირებენ გამართონ მოსახლეობის ინფორმირებისა და საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით მსგავსი აქციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი