Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის ომმა ჩვენი კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე უნდა დაგვაფიქროს |ნინო კალანდარიშვილი

24 ნოემბერი, 2020 • 2718
ყარაბაღის ომმა ჩვენი კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე უნდა დაგვაფიქროს |ნინო კალანდარიშვილი

როგორ შეიძლება ყარაბაღის უკანასკნელი ომის შემდეგ დემოკრატიული პროცესები განვითარდეს ან შეფერხდეს სომხეთსა და აზერბაიჯანში, გაგრძელდება თუ არა სამოქალაქო დიალოგი მხარეებს შორის და რატომ უფრთხიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყარაბაღის სცენარის განმეორებას. ამ და სხვა საკითხებზე ნინო კალანდარიშვილი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე გვესაუბრება. 


ყარაბაღში საომარი მოქმედებები დასრულდა, თუმცა გრძელდება ომი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, ვირტუალურად, სოციალურ ქსელებში. როგორ ფიქრობთ, განწირულია კავკასიის ორივე ერი მუდმივად ერთმანეთის სიძულვილისთვის? 

იმედი ვიქონიოთ, რომ არა, რადგან თუკი მაინც მოხერხდა და დემოკრატიული პროცესები გაძლიერდა როგორც ერთ, ასევე მეორე სახელმწიფოში, პირველ რიგში, ვგულისხმობ სომხეთს და შემდეგ უკვე აზერბაიჯანს, შეიძლება, სიძულვილის ტალღაც შემცირდეს.

ამჟამად სხვა სურათია – ომმა, რომელიც თვეზე მეტია გრძელდებოდა და, ფაქტიურად, აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა, ალიევების კლანის გარშემო აზერბაიჯანელი მოსახლეობის კონსოლიდაცია გამოიწვია. სავარაუდოდ, ძალიან ხანგრძლივი დროით, ალიევების კლანმა სახელმწიფო მმართველობის მწვერვალზე ყოფნა “გაინაღდა” . შესაბამისად, იქ დემოკრატიული პროცესების განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

აზერბაიჯანელებს, როგორც გამარჯვებულ მხარეს, სომხების მიმართ აგრესია, ალბათ, შერჩებათ, თუმცა დროთა განმავლობაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიძულვილის ტალღა ისეთი ძლიერი აღარ იქნება, როგორც ომის დაწყებამდე. 

რაც შეეხება სომხებს, მუდმივი მსხვერპლის სტატუსი, რომელიც მათ რუსეთ-თურქეთის ომიდან მოჰყვებოდათ, ყარაბაღის ბოლო ომმა კიდევ უფრო გაუმწვავა და გააძლიერა მათ აღქმაში. 

90-იანებში ყარაბაღში გამარჯვება სომხებისთვის, ფაქტიურად, პირველი დიდი გამარჯვება იყო მათ აღქმაში. ცხადია, მათთვის დღეს აზერბაიჯანი აგრესორია, თუმცა ამას ემატება თურქული ფაქტორი. თურქეთის მხრიდან სომხების გენოციდი ერის მაკონსოლიდირებელი იდეის დონეზეა აყვანილი არა მხოლოდ სომხეთში მცხოვრები სომხებისთვის, არამედ მსოფლიოში განფენილი სომხებისთვის. ყარაბაღის ბოლო ომმა კი დაგვანახა, თუ რამდენად ძლიერი იყო სომხურ საზოგადოებაში “თურქული” თემა. სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების შეფასებებში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ სწორედ თურქები ებრძვიან მათ და ომს სომხები აგებენ არა იმდენად აზერბაიჯანთან, არამედ თურქეთთან. გენოციდის ტრავმა იმდენად ცოცხალია სომხებისთვის, რომ ყველაფერი ისევ “გენოციდის გარშემო” დატრიალდა. 

თავისთავად, საუკუნეების შემდეგ ტრავმის ასე ცოცხლად ყოფნა გვაფიქრებინებს, რომ ამ ტრავმას ხელოვნური ხელშეწყობაც აქვს და მაკონსოლიდირებელი იდეის ფუნქციას ატარებს. 

თანაზომად სახელმწიფოებს ვერ დავარქმევთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, მაგრამ მაინც, დამარცხება მის კლასიკურ მოწინააღმდეგესთან თითქოს უფრო მეტად მტკივნეულია, ვიდრე უფრო დიდ სუბიექტთან. სომხებისთვის აზერბაიჯანელებთან ომის წაგება და აზერბაიჯანულ-თურქულ ალიანსთან ომის წაგება ორი სხვადასხვა რამეა და მათ ნაციონალურ სიამაყეს ალიანსთან ომის წაგება თითქოს უფრო ელამუნება.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნაციონალისტურ კონცეფტში ჯდება. აქ ჩვენს საკუთარ უახლეს  ისტორიასთანაც გავავლოთ პარალელები. 

რა კვებავს დღეს ნაციონალიზმს სომხეთში? აზერბაიჯანში? თუნდაც, საქართველოში?

საკუთარი უნიკალურობის განცდა, ალბათ, ერთ-ერთია, რაც კვებავს ნაციონალიზმს. ეს უნიკალურობის განცდა გაზვიადებული და ხელშეუხებელია. ამავე დროს, განცდა, რომ დანარჩენ სამყაროს წინაშე მარტო დარჩნენ, არავინ იცავს და საკუთარი ფთავის გადარჩენაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული. 

ეს განცდები, თავის მხრივ, საიდან მოდის? 

იმ ისტორიული ნარატივებიდან, რომლებიც ძალიან ვიწრო ნაციონალისტურ დისკურსში მოგვეწოდება ჯერ კიდევ ბავშვობიდან, თითქმის უმაღლესი სასწავლებლების ჩათვლით. როდესაც საკუთარ ისტორიას ვსწავლობთ არა საერთო მსოფლიო ისტორიის ჭრილში, არამედ მხოლოდ საკუთარი ისტორიის მოვლენების ჭრილში, არ ვანზოგადებთ და ნაკლებად ვიცნობთ ჩვენ გვერდით მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ისტორიებს. ისტორიის აღქმის დროს ვეყრდნობით მხოლოდ იმ წყაროს, რომელიც ჩვენთვის სასიამოვნო კონცეპტს წარმოგვიდგენს. პატარა და მარტო მყოფი ერის კომპლექსის თვითგაძლიერებას ვახდენთ. 

როგორ მოკლა დემოკრატიული საწყისები ორივე საზოგადოებაში ყარაბაღის უკანასკნელმა ომმა?

ისევ აზერბაიჯანით დავიწყებ. ალიევების მმართველობა და ალიევების კლანი, ცხადია, არ არის დემოკრატიის საუკეთესო ნიმუში. აზერბაიჯანში იყო გარკვეული წინააღმდეგობები მმართველობის ამ სტილისადმი, რომელიც ჩანასახშივე ჩახშული იყო. შესაბამისად, წარმატებული ომის შედეგად, მოცემულ სიტუაციაში, ალიევების ხელისუფლების უსასრულოდ ყოფნის პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს და საუბარი იმის შესახებ, რომ იქ დემოკრატიული პროცესები განვითარდება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ხანებში, ნაკლებ სავარაუდოა.

რაც შეეხება სომხეთს – მე მგონია, რომ ყარაბაღის წინა ომის შედეგები და გამარჯვებული მხარის განცდები სომხეთში, აგრეთვე, დემოკრატიული პროცესებისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ აღმოჩნდა სომხეთისთვის. 

აქვე, გავიხსენოთ ტერ პეტროსიანის ცნობილი სტატია, სადაც სწორედ კომპრომისზე ლაპარაკობდა და მოუწოდებდა, პრაგმატულად გადაეხედათ ომის შედეგებისთვის. ლაპარაკობდა კომპრომისზე, დათმობის შესაძლებლობებზე და მომავალში უფრო დიდი დანაკარგის თავიდან აცილებაზე. ამ სტატიას გადაჰყვა ტერ პეტროსიანი. ასევე, ხშირად ახსენებენ ფაშინიანის სტატიას მსგავსი სენტენციებით, რომელიც მან 2007 წელს დაწერა. თუმცა ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან ცოტა ხნის შემდეგ ფაშინიანი იძულებული გახდა შეეცვალა ეს მიდგომები და მილიტარისტულ რიტორიკას დაუბრუნდა.

რატომ მოხდა ასე, საზოგადოების დაკვეთაა მილიტარისტული რიტორიკა?

ფაშინიანი მოვიდა საყოველთაო პროტესტის ტალღის ფონზე. სწორედ შიდა კონსოლიდაციისთვის და საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებისთვის, ალბათ, გაუჭირდა პრაგმატული და თამამი ნაბიჯების გადადგმა და იმ ხაზის გაგრძელება, რომელსაც წლების წინ ემხრობოდა. არაპოპულარული ლოზუნგებით გამოსვლა, ცხადია, მისთვის წამგებიანია. ხოლო ეკონომიკური სიდუხჭირის და ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში ნაციონალისტური ნარატივის გაძლიერება ბუნებრივად ხდება ხოლმე. 

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სომხეთში ფაშინიანსა და პეტროსიანს შორის არსებული ყველა ხელისუფლება ომში გამარჯვების ტალღაზე იყო მოსული და მათი ძირითადი ხაზიც “ომით მოპოვებულის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაცვა” იყო. ამ პარადიგმის შეცვლა, როგორც ჩანს, ფაშინიანისთვის ადვილი არ აღმოჩნდა. 

არსებული პარადიგმების შეცვლა არცერთი მხარის საზოგადოებას არ სურდა, როგორც ჩანს

მშვიდობაზე დაკვეთა სომხეთში და აზერბაიჯანში სხვადასხვანაირად არის აღქმული. სომხეთში ეს უფრო მეტად აღქმულია, როგორც ომით მოპოვებულის შენარჩუნება/ განმტკიცება, მყიფე მშვიდობის შენარჩუნება [ფაქტიურად, რამდენიმე წელია ეს მყიფეობის აღქმაც დაკარგული იყო].

აზერბაიჯანში კი ძლიერდებოდა განწყობა, რომ ამხელა ტერიტორიული დანაკარგის დაბრუნების გარეშე შეუძლებელია მშვიდობაზე საუბარი. აქვე ცნობილ გამოთქმას მოვიყვან: “გეშინოდეთ მათი, ვინც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლისკენ მოუწოდებს ხალხს, როგორც წესი, ეს ადამიანები საკუთარი სისხლის უკანსკნელ წვეთს არ გულისხმობენ”.

ომის რომანტიზაცია აზერბაიჯანში უფრო ძლიერი იყო, თუმცა არც სომხეთში იყო ნაკლები. განსაკუთრებით 2016 წლის აპრილის დაპირისპირებისა და მოვლენების შემდეგ ნამდვილად არსებობდა განცდა, რომ უახლოვდებათ რაღაც მძიმე და აგრეთვე სომხები იყვნენ მზად, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ. 

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ სომხეთზე და აზერბაიჯანზე და სიტყვა არ გვითქვამს თავად მთიან ყარაბაღში მცხოვრებ ადამიანებზე. ასევე, რამდენად შეგვიძლია იქ მიმდინარე პროცესები განვიხილოთ დემოკრატიულად? რისი ეშინოდა იმ მოსახლეობას, რა ხიფათს გრძნობდა და როგორ ხედავდა საკუთარ ადგილს სამშვიდობო პროცესებში? სომხეთს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიარებული არ ჰქონია. ეს კიდევ ერთი დამატებითი მდგენელია იმ მყიფე სიტუაციისა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებაში შეიქმნა.

უფრო დემოკრატიული რომ ყოფილიყო ორივე ქვეყანა, შეიძლებოდა თავი აერიდებინათ ომისთვის და მშვიდობიანად მოეგვარებინათ კონფლიქტი? 

მე მგონია, რომ დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის თავად ყარაბაღის კონფლიქტი რეალურად ხელის შემშლელი იყო როგორც სომხეთში, ასევე, აზერბაიჯანში. კონფლიქტი ხელს უშლიდა დემოკრატიული პროცესების განვითარებას სომხეთში, აზერბაიჯანში კი დემოკრატია ვერც ჩაისახა. თუკი ყველაფერი ომის გარშემოა განსაზღვრული, მაშინ ნებისმიერი განსხვავებული აზრი, შეხედულება, მიდგომა და კომპრომისი საკმაოდ რთული მისაღწევი ხდება. 

ახლა რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, როდესაც უკვე მნიშვნელოვანი შედეგი დადგა? მით უმეტეს, ომის მიმდინარეობის დროს ოპოზიციაც გაერთიანდა ალიევის გარშემო

ალიევის ხელისუფლების ფონზე, ამჟამად, თითქმის ვერ ვხედავთ კრიტიკულ დამოკიდებულებას მომხდარის მიმართ, რუსი სამშვიდობოების შეყვანის მიმართ. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტის, ამ ხელშეკრულების თითოეული პუნქტის განხორციელების მექანიზმების შესახებ კრიტიკულ დამოკიდებულებას. შესაბამისად, რთულია იმაზე ლაპარაკი, რომ უახლოეს მომავალში რამე შეიცვლება ამ თვალსაზრისით. როგორც წესი, ასეთი ტიპის ომები ხელისუფლების გარშემო ნაციის კონსოლიდაციისთვის და საკუთარი სავარძლის განმტკიცებისთვის იწყება.

რაც შეეხება სომხეთს, სომხეთის დემოკრატიული განვითარებისთვის შესაძლებლობები გამოჩნდა, – უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიდრე მანამდე იყო. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება ყველაფრის გააზრება, არა ფაქტობრივი, არამედ ღირებულებითი გააზრება იმისა, თუ რამდენად უღირს ერს მითოლოგიზირებული წარსულის ტყვეობაში დარჩენა. 

ახლა ხედავთ ასეთ ჩანასახებს სომხეთში? უკვე დაიწყო გარკეული პოლიტიკური პროცესებიც

დღეს შეიძლება ვერ დავინახოთ ეს. თუმცა ანალიტიკოსთა მოსაზრებები, რომ “ეს არის შანსი, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შევდგეთ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, და არ აღმოვჩნდეთ მთლიანად მიბმული ყარაბაღის თემის ტყვეობაში, რაც მთავარია, რუსულ სივრცეში ღრმად ფესვებგადგმული”, უფრო მეტად ჟღერს სომხურ მხარეს, ვიდრე აზერბაიჯანულ მხარეს. რამდენად მოხდება ამის გააზრება უახლოეს ხანებში, ეს სხვა საკითხია. 

ყარაბაღის ომის მიმდინარეობისას, საქართველოში ზოგიერთი დევნილისგან მოვისმინე ფრაზა, რომ ამ ფასად, ანუ ომის ფასად, არ უნდათ საკუთარ სახლებში და ტერიტორიების დაბრუნება. როგორ ფიქრობთ, რამდენად მასშტაბურად ფიქრობენ ასე საქართველოში დღეს? დღევანდელ საქართველოში და დღევანდელ კონტექტსში რამდენად შეიძლება იგივე მომხდარიყო აფხაზეთის და ოსეთის მიმართ? ამ კონტექტსში დე ფაქტო პრეზიდენტმა ბჟანიამაც ისაუბრა და რუსეთთან კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომ რუსული ჯარი მათ დაცულობის შეგრძნებას უზრდის.

მაშინ, როდესაც ყარაბაღის მოსახლეობა, ისევე როგორც სომხეთის მოსახლეობა, ძალიან უკმაყოფილო იყო რუსეთის დაგვიანებული ჩარევით, თუკი საერთოდ ხედავდნენ ამ ჩარევას, ასევე, მიმდინარე პროცესების გამო ძალიან დაძაბული იყვნენ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. ისინი სწორედ ამ საფრთხეს ხედავდნენ, რომ თუ არა რუსეთის ჩარევა, ისინიც ახალი სამხედრო ესკალაციის წინაშე შეიძლება აღმოჩენილიყვნენ.

საქართველოში ასე თუ ისე დემოკრატიული პროცესები გაცილებით შორს არის წასული, ვიდრე სომხეთში და, მით უმეტეს, აზერბაიჯანში. მოსახლეობაში არსებობს კონსენსუსი მშვიდობაზე. სხვა ამბავია, რამ შეუწყო ამას ხელი. ალბათ, 2008 წელს წაგებულმა ომმა, ყველა ტრაგედიის ხელახლა გააზრებამ, რაც 90-იანებიდან დღემდე გამოვიარეთ. იმის მიუხედავად, რომ ინტერნეტსივრცეში, ვგულისხმობ ფეისბუკს, აგრესიული პოსტები მაინც გვხვდება, დევნილებშიც და მთლიანად საზოგადოებაშიც აშკარად გამოხატულია კონსენსუსი მშვიდობაზე.

თუმცა ისმის კითხვა, არის თუ არა კონსენსუსი კონფლიქტის მოგვარების გზებზე, კონფლიქტის ტრანფორმაციის გზებზე? ყარაბაღის ომმა შეიძლება დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა არის ომის საფასური? რა არის კონფლიქტის საფასური და როგორ უნდა გადავდგათ ნაბიჯები კონფლიქტის დასარეგულირებლად, რომ არ მივიდეთ მსგავს ესკალაციამდე. 

რაც შეეხება იმას, რომ რუსული ჯარები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გარანტიაა იმისა, რომ ქართული მხარე არ მოახდენს საომარ ესკალაციას, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული მხრიდან სამხედრო ესკალაციის არანაირი შანსი არ არის. სხვა საკითხია, რას ფიქრობს ამაზე აფხაზური და ოსური საზოგადოება? თუკი მათ აქვთ ეს შიშები, ეს შიშები შეიძლება იყოს ხელოვნურად გაძლიერებული იქაური მმართველი ელიტების  და რუსი პოლიტიკოსების მიერ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მმართველობა, რუსეთმა კი აფხაზებისგან მიიღოს მაქსიმუმი იმისა, რაც მას სჭირდება- იქნება ეს მიწების გაყიდვის საკითხი, დამატებითი სამხედრო ძალების შეყვანა თუ ა.შ. თუ ამ შიშებს ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა და რუსული პოლიტიკური ჯგუფები ასაზრდოებენ, მაშინ ჩვენი მხრიდან გაცილებით მკაფიო და თამამი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ საპირისპირო დავანახოთ. როგორ უნდა მოხდეს ეს, ეს უკვე ცალკე საკითხი და მასზე მუშაობის თემაა. 

რა ბედის ელის სამშვიდობო დიალოგებს, რომელიც არსებობდა აქამდე? რამდენი ხნით დაიხურა ეს თემა? მით უმეტეს, იქამდეც, ვიცით, როგორი არაპოპულარული იყო დიალოგის თემა და სამშვიდობო პროგრამები, განსაკუთრებით, აზერბაიჯანში. 

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სომეხი და აზერბაიჯანელი არაფორმალური მონაწილეების დიალოგის სივრცედ უმთავრესად თბილისი გამოიყენებოდა. რამდენიმე ასეთ შეხვედრაში მეც ვმონაწილეობდი და საკუთარი დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ დიალოგის პროცესი იყო ძალიან სუსტი. მხარეებს შორის, ბოლო დროს, სამოქალაქო დიალოგის მინავლებად პროცესს ვაკვირდებოდით. დიალოგს ფორმალური ხასიათიც კი ნაკლებად ჰქონდა. 

როდესაც წლების განმავლობაში გრძელდება ეს შეხვედრები და მხოლოდ შეხვედრებზე და ერთმანეთის მოსაზრებების გაცნობაზე ვართ ორიენტირებული, მაშინ ეს პროცესი პროცესისთვის მიმდინარეობს. ამასთან, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მძიმედაც მიმდინარეობდა. 

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა, რამდენად ეფექტურია დიალოგი იმისთვის, რომ მისმა მონაწილეებმა შემდეგ უკვე პოლიტიკური გადაწვეტილებების მიმღებებზე მოახდინონ გავლენა არადემოკრატიულ სიტუაციაში, ეს უკვე მეორე თემაა. 

თუკი პროცესებში არ იქნება ყველა ჯგუფის ჩართულობა და არ ექნებათ მათ თანამონაწილეობის, თანასწორობის და თანაგანცდის განცდა, წინ ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს. ეს, პირველ რიგში, ჩვენ გვეხება. თანამონაწილეობა და თანასწორობა სწორედ ერთმანეთის ინტერესების გაგებასა და გათვალისწინებას ეფუძნება. 

გამარჯვებული სომხეთის და დამარცხებული აზერბაიჯანის დიალოგს ეწინააღმდეგებოდა აზერბაიჯანი. გამარჯვებული აზერბაიჯანის და დამარცხებული სომხეთის სამოქალაქო დიალოგს დაეთანხმება თუ არა ის და როდის მოხდება ეს, არ ვიცი. კითხვა, რომელიც აზერბაიჯანში აუცილებლად გაჩნდება: “რატომღა უნდა ველაპარაკოთ სომხებს? დიალოგით შედეგი არ დადგა და ისევ ომით გადაიჭრა პრობლემა.” ეს მოსაზრება, თავის მხრივ, ძალიან სახიფათოა ყველა ჩვენგანისთვის.

შესაბამისად, საერთაშორისო შუამავლების როლიც იკარგება?

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შუამავლების მიმართ გარკვეული სკეპტიციზმი ისედაც არსებობდა. ამ ომმა კი კარგი საზრდო მისცა ამ სკეპტიციზმს – “რაში მდგომარეობს მათი როლი, თუკი არათუ წინააღმდეგობის გაწევა, ამის განჭვრეტაც ვერ მოხდა და აქამდე მიიყვანეს საქმე. ფორმალური იყო მინსკის ჯგუფის მუშაობა? რას ეფუძნებოდა და რა ტიპის ანალიზს ეყრდნობოდა?” ეს კითხვები არსებობს და ეს უკვე ანალიტიკოსებისა და ამ პროცესში ჩართული ადამიანების გასაანალიზებელია. 

აქედან ჩვენთვისაც უნდა გავაკეთოთ დასკვნები, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების როლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემცირდეს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების და აქტორების როლთან ერთად, უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს ადგილობრივი აქტორების როლი. საბოლოოდ, მაინც ჩვენი გადასაწყვეტია ეს ყველაფერი. ჩვენ უნდა მივიდეთ გარკვეულ გადაწყვეტილებამდე საერთაშორისო ფასილიტაციის და მხარდაჭერის გამოყენებით. ამასთან, ეს არ უნდა იყოს უსასრულოდ განგრძნობადი პროცესი.

თუ არის შესაძლებელი, სხვადასხვა ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების საერთაშიროსო მაგალითები და შერიგების მექანზმები სამხრეთ კავკასიაშიც იყოს გამოყენებული? 

ამის მაგალითი ევროკავშირია. მეორე მსოფლიოს ომის მსგავსი სისხლისმღვრელი და სასტიკი ომი არ ყოფილა, თუმცა სწორედ შერიგებაზე დაფუძნებული იდეებით შეიქმნა ევროკავშირი, რომლის წამყვანი ფიგურები გერმანია და საფრანგეთი იყვნენ. 

მთავარია, პრაგმატულად გააზრება და მომავალზე ორიენტაცია. რამდენად გამოგვადგება სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის მსგავსი სტრუქრტურის შექმნის იდეა, მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ იმ ფონზე, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას განვითარების განსხვავებული ვექტორი აქვს. მაგრამ ევროკავშირის მაგალითი, რომ შერიგებაზე დაფუძნებული ერთობა უფრო მყარია, ნამდვილად გამოგვადგება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი