ახალი ამბები

მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, პატივი სცენ ამომრჩეველს და გამონახონ კომპრომისი – ევროპარლამენტარები

23 ნოემბერი, 2020 • 857
მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, პატივი სცენ ამომრჩეველს და გამონახონ კომპრომისი – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ საქართველოში 21 ნოემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შესახებ და ყველა პოლიტიკურ ძალას დემოკრატიული ელექტორატის მიმართ პატივისცემის გამოხატვისა და ახალი დიალოგის ფარგლებში კომპრომისებისკენ მოუწოდებენ. ასევე, განცხადების ავტორები საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან მოკავშირეს, ულოცავენ პანდემიის პირობებში არჩევნების ორგანიზებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მხარს უჭერენ ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებებს არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით და მეორე ტურისთვისაც ელიან ყველა საფუძვლიანი აპელაციისა და საჩივრის სამართლიან, გამჭვირვალე და დეტალურ განხილვას

“როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულებების შესაფასებლად, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში.

ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ეს არჩევნები გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, რაც გზას უხსნის უფრო პლურალისტულ პარლამენტს. თუმცა ვწუხვართ, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა მეორე რაუნდში ადგილებისთვის არ იბრძოლეს. ჩვენ ვთხოვთ, რომ ახალი საარჩევნო რეფორმის გზით აღმოიფხვრას დარჩენილი ხარვეზები, რომელიც ეუთო/ოდირის დაუყოვნებელ რეკომენდაციებს გადაჭრის, და ეს მოხდეს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის აქტიური ჩართულობით”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპალრამენტი მზად არის დამატებითი მხარდაჭერის გასაწევად, სხვა საკითხებთან ერთად, საპარლამენტო საარჩევნო დიალოგისა და საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის შუამავლობისთვის, რომლის მიზანიც მომავალი არჩევნებისთვის კანონმდებლობის დახვეწა იქნება.

“მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს, აჩვენონ პასუხისმგებლობა, თავდაჭერილობა და სიმწიფე, ასევე, ამომრჩევლის მიმართ პატივისცემა, და გამონახონ საჭირო კომპრომისები, განსაკუთრებით ახალი დიალოგის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ერთობლივი ფასილიტატორობით ხდება და რომლის მიზანიც დემოკრატიისთვის აუცილებელი ინსტიტუტის, პარლამენტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფაა”, – წერია განცხადებაში.

განცხადების ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ახალ პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იმუშაოს კონსტრუქციულად, ამის პარალელურად კი არ დაივიწყონ საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზის უმთავრესი ინტერესი.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების მიმართულებით, მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი და ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი