საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენი მას “აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს” უწოდებდა. ამის შესახებ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
“ბაიდენი არის ადამიანი, რომელიც მე საჯაროდ მიწოდებდა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს და ვაშინგტონი რაც არის, ამერიკის დამფუძნებელი პრეზიდენტი, ამერიკელისგან უფრო მეტი კომპლიმენტი რა შეიძლება იყოს. ბაიდენი არის ადამიანი, რომელიც ძალიან მაღალ შეფასებას აძლევდა ვარდების რევოლუციას. ბაიდენი არის ადამიანი, რომლისთვისაც ფასეულობები ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, ბაიდენის “ბედი გარკვეულწილად საქართველოსთან დაკავშირებულია და საქართველოს ბედიც მასთან არის დაკავშირებული”. ამის დასტურად კი სააკაშვილმა დაასახელა 2008 წლის ომის შემდეგ ბაიდენის საქართველოში ვიზიტი და ქვეყანისთვის ფულადი დახმარების გაწევა:
“როდესაც მოხდა 2008 წლის თავდასხმა, ობამამ პირველად ძალიან ნეიტრალური განცხადება გააკეთა, ეგრევე დაეცა მისი რეიტინგი 4-5 პროცენტით, დაიწყო პანიკა იმათ რიგებში და მერე, ამასობაში ჩამოვიდა ბაიდენი, რომელიც ჯერ არ იყო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. ჩვენ ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი, გადავეხვიეთ, იმიტომ, რომ მაღალი ცნობადობის პირველი სენატორი იყო, ვინც ჩამოვიდა, ჩამოგვიტანა წინადადება მილიარდი დოლარის დახმარების, რომელიც მერე განახორციელეს კიდევაც და როგორც კი დაბრუნდა, რამდენიმე დღეში მას შესთავაზეს ყოფილიყო ობამას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი და, მე დარწმუნებული ვარ ამაში, გარკვეული ფაქტორი, რა თქმა უნდა, იყო მისი ოპერატიული და სწორი რეაგირება საქართველოზე”, – განმარტა სააკაშვილმა.