ახალი ამბები

ჯარისკაცებს მინიატურული, კამუფლირებული “ახალი აღთქმა” დაურიგეს

23 ნოემბერი, 2020 • 1590
ჯარისკაცებს მინიატურული, კამუფლირებული “ახალი აღთქმა” დაურიგეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებს ახალი აღთქმის მინიატურული წიგნები დაურიგდათ. სამინისტროს ცნობითვე, ახალი აღთქმის წიგნების დაბეჭდვის იდეა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის და ის თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.

“მინიატურული ახალი აღთქმა საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადია. მისი ყდა კომუფლირებულია, ფურცლები კი მყარი, თხელი და გასანთლულია, რომ არ დასველდეს. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარის შესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის. ახალი აღთქმის, 4 სახარების, ეპისტოლეებისა და ფსალმუნების გარდა, წმინდა წიგნი მოიცავს სამხედრო ფიცს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, საუფლო ლოცვას – 10 მცნება, მრწამსს, 9 ნეტარებას, ასევე ქართველი მეფეების – ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის მიმართვებს ქართული ლაშქარისადმი”, – წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ახალი აღთქმა” თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის წესით “პალიტრა L”-გან შეიძინა. ხელშეკრულების მიხედვით, სამინისტრომ კომპანიას 20 ათას წიგნში, ჯამში, 70 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს, შესყიდვების სააგენტოს საიტზე ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტით ამ დროისთვის სამინისტროს 3 000 ცალ ახალ აღთქმაში 10 500 ლარი აქვს გადახდილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი